მარიკა გოგოხია: სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი

  12:38:37     31-05-2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას საქმის პროკურორი, მარიკა გოგოხია გამოეხმაურა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნდოვანი და გაურკვეველია. 

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

„სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაურკვეველი, ბუნდოვანი. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჩვენ განაჩენის სრულ ვერსიას მოგვაწოდებს, მისი დასაბუთების შესაბამისად, ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომელიც მტკიცებულება გაიზიარა. ყველა მტკიცებულება მიუთითებდა იმ ბრალდებად შერაცხული დანაშაულის ქმედების ჩადენაში, რომელიც ამ ორ არასრულწლოვანს ჰქონდა ბრალად წარდგენილი. 

ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ნამდვილად იძლეოდა იმის შესაძლებლობა და გონივრულ მოლოდინსაც, რომ ორივე ბრალდებული  ცნობილი უნდა ყოფილიყო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში... ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ,“- განაცხადა პროკურორმა.