
„ევროპული საქართველო“ მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში დახურულ ფორმატში სასაუბროდ იბარებს
14:37:05     30-05-2018
„ენის მოჩლექვით რუსეთთან საუბარი, ახალი დიალოგების არხების შექმნა, დათმობები თუ მაამებლური წერილები რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რეალურად არ ცვლის იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას გააჩნია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეჟიმების აღიარების საკითხზე განაცხადა.
სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა მივიდეს პარლამენტში და თუნდაც დახურულ ფორმატში ისაუბროს არაღიარების პოლიტიკაზე.
„კარგი იქნება, თუ შესაბამისი ადეკვატური აღქმა მოხდება ამ გაკვეთილის და თუ მოხდება ჩვენი ინტერესების უფრო მაღალ დონეზე აყვანა და არა იმედით თავის დანუგეშება, რომ რუსეთთან ჩვენ რამე დავალაგოთ. ამით კიდევ უფრო ვაუარესებთ მდგომარეობას.
რუსეთი კლავს თავის კრიტიკულ ჟურნალისტებს, ვნახეთ გუშინ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა კიევში, გამოკეტილი ჰყავს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ციხეში და ამაში თქვენ მას ჰგავხართ და არ არის გასაკვირი, თუმცა, გასაკვირია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ შეიტყო პრესიდან. თუ ეს ასეა, ეს არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მან ასევე ისაუბრა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით და ისურვა, რომ ამ სიაში რუსეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებიც მოხვდნენ.