ლელა ქებურია: სამეგრელოში გარე განათების ბოძებიც კი ივანიშვილის ხეების მიმართულებით იყურება

  14:33:51     30-05-2018

„სამეგრელოს მოსახლეობას ერთადერთი ოცნება დარჩა - ბატონი ბიძინას ხეებმა ჩამოისეირნოს მათ ქუჩაზე, რომ იქნებ ასე მაინც ეშველოს განადგურებულ გზებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომლის თქმითაც „ქართული ოცნება“ პრობლემების დანახვას ვერ ახერხებს.

პარლამენტარი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც არსებობს მოსახლეობაში პროტესტი მათ მიმართ.

„ახლა მაცნობეს შემზარავი ამბავი. ხობში სამი ახალგაზრდაა მოკლული, სამივეს ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული ჭრილობები შუბლში. ზუგდიდში დაკავებულია ცოლ-ქმარი, მათ გამოძიება ოჯახიდან ვალის გამო არასრულწლოვანის მძევლად წამოყვანას ედავება. რა თქმა უნდა ამ ამბის დეტალებში არ შევალ, თუმცა ფაქტი არის ძალიან შემზარავი, განსაკუთრებით იმ საბანკო რეგულაციების ფონზე, რომელიც უახლოეს წარსულში შემოგვთავაზეთ. სწორედ ასეთი სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა ვარდება მევახშეების ხახაში. 26 მაისს, როცა თქვენი სახელგანთქმული შს მინისტრი სელფების გადაღებით იყო დაკავებული, ქალაქის ცენტრში დააყაჩაღეს ინკასაციის ავტომობილი. ყველაფერი ეს მიუთითებს სრულ სახელმწიფო კრახზე და ინსტიტუტების მოშლაზე, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნებას, განმტკიცებას და შენებას სჭირდება პოლიტიკური ნება. თქვენთვის არსებობს ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი და მას თქვენ ენაზე ეწოდება ბატონი ბიძინა. ამ უკანასკნელის ამოცანას კი ზუგდიდში ახლა წარმოადგენს ხეების გადაზიდვა დენდროლოგიური პარკისთვის“, - განაცხადა ლელა ქებურიამ.

მისივე თქმით, ფაროსანას პრობლემაზე არავინ ზრუნავს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში მთელი სახელმწიფო მანქანაა ჩართული.

„ავიღოთ ორი საკითხი - ფაროსანას პრობლემა და ივანიშვილის ხეების მოგზაურობა. მოსახლეობა თავისთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე ხედავს თეთრ კვამლიან მანქანებს, რომლის მიმართაც ნდობა შარშან დაკარგა მოსახლეობამ, სამაგიეროდ აბსოლუტური კონტრასტი იქმნება ხეების გადატანის მომენტში. მთელ პერიმეტრზე არის მობილიზებული სახელმწიფო და კერძო მანქანები, სრულად არის მობილიზებული პოლიცია, სამი ღამის განმავლობაში ჩაბნელებული იყო ქალაქი. თქვენ წარმოიდგინეთ, გარე განათების ბოძებიც კი ბიძინა ივანიშვილის ხეების მიმართულებით იყურება“, - განაცხადა ლელა ქებურიამ.