მმართველი გუნდი სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

  16:04:00     29-05-2018

სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გამო, საპარლამენტო უმრავლესობა პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ,  სირიის რესპუბლიკა დემოკრატიული სახელმწიფო არ არის და სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ ამ ქმედებებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. 

მმართველი გუნდის წევრების თქმით, სწორედ რუსეთი აძლევს მითითებებს ასადის რეჟიმს.

საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ რუსეთი და სირია მოკავშირეები არიან და სირიას რუსეთის ფედერაციასთან გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა.

„რუსეთი და სირია არიან მოკავშირეები და რუსეთთან სირიას ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები და ეს გადაწყვეტილება მიიღო აქედან გამომდინარე,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სირიის რეჟიმის ქმედებას ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური გარემოს არარსებობით ხსნის. 

მისივე თქმით, საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყანა მსგავს მიდგომას ემიჯნება.

„იქ, სადაც არ არის დემოკრატიული სისტემა და დემოკრატიული მმართველობა, შეიძლება იყოს მხოლოდ ასეთი მიდგომა, რომელიც არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს, არღვევს სუვერენიტეტს და არღვევს საერთაშორისო სამართლის დოგმატურ მიდგომებს, ამიტომ, ბუნებრივია, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი ყველა მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყანა, ყველა დემოკრატიული სახელმწიფოც ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ასეთ მიდგომას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.