
„როცა ასადი ფიზიკურად იყო დამოკიდებული პუტინზე, მაშინ არ უღიარებია ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა“
15:03:09     29-05-2018
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა დ ე.წ. სამხრეთ ოსეთს აღიარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობის შეცვლის ილუზიას არ უნდა მივეცეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა, რომლის აზრით, სირიის აღიარება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ბევრს არაფერს ცვლის, მაგრამ მაინც არსებობს კითხვები, თუ რა სამუშაო ჩაატარა საქართველოს ხელისუფლებამ.
„ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი, როცა სირიაში მართლა იყო ომი და ასადი ფიზიკურად იყო დამოკიდებული პუტინზე, მაშინ არ უღიარებია ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამიტომ, ჩვენ კითხვები გვაქვს მთავრობასთან და ვთავაზობთ მას, საგარეო საქმეთა მინისტრს, მოვიდეს პარლამენტში დახურულ რეჟიმში. არაღიარების თემა არ შეიძლება იყოს, ღია განხილვის საგანი”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ უმოკლეს ვადაში გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან, რათა ყველამ კარგად გაიგოს, რომ საქართველოს ექნება რეაქცია.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიპლომატია და სახელმწიფო რესურსები გააქტიურდეს ახლო აღმოსავლეთში, რათა მომავალი შესაძლო აღიარების პრევენცია მოხდეს”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა აღიარა“.
„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.