რუსეთი თბილისში აწყობილი მოიერიშეებით გვბომბავდა
14:20:50     08-06-2011
საქართველო მსოფლიოში, ღვინის ქვეყნის სახელით უფრო არის ცნობილი. თუმცა, ამავე დროს ღვინის გარდა, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში არანაკლებ როლს მინერალური წყლები, კულტურა, ნაციონალური ცეკვები და სამზარეულო ასრულებენ.
მაგრამ არის კიდევ ერთი სახის პროდუქტი. წლების განმავლობაში ის საქართველოდან როგორც ექსპორტზე გადიოდა, ასევე ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა. ტექნიკის ამ ნიმუშმა, საქართველოს როგორც საავიაციო ტექნიკის მწარმოებელ ქვეყანას, მანქანათმშენებლობის სფეროში სახელი და დიდება მოუტანა. ათწლეულების განმავლობაში, თბილისში არსებული საავიაციო ქარხანა, სხვადასხვა სახის საავიაციო ტექნიკას აწარმოებდა, იქნებოდა ეს რეაქტიული გამანადგურებლები, ფრთოსანი რაკეტები თუ მფრინავი სამიზნეები, მაგრამ ქარხნის არსებობის მთელს პერიოდის განმავლობაში, მისი ყველაზე წარმატებული პროექტი მოიერიშე Ce-25 იყო.
ყველაფერი კი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირში ახალი საბრძოლო თვითმფრინავის შექმნაზე დაიწყეს ფიქრი. გეგმის მიხედვით, ახალი საფრენი აპარატი, უშუალოდ სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი.
ახალი თვითმფრინავის შექმნის საჭიროება, იმდროინდელი საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკამ განაპირობა. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში, სახმელეთო ჯარების საცეცხლე მხარდაჭერის ამოცანა ზებგერით თვითმფრინავებს, Ce-7 და VbU-21 ეკისრებოდა. მაღალ სიჩქარეებზე, ისინი შესანიშნავად ართმევდნენ თავს მათ წინაშე დასახულ ამოცანებს. მაგრამ რამდენადაც ეფექტურნი იყვნენ ზებგერით სიჩქარეებზე, იმდენად არაეფექტური იყო ამ თვითმფრინავების გამოყენება საიერიშო ოპერაციებისას. ამ ტიპის თვითმფრინავებზე მფრინავის კაბინა დაუჯავშნავი იყო, მაღალ სიჩქარეებზე ფრენისას კი მფრინავი ფიზიკურად ვერ ასწრებდა სამიზნის აღმოჩენასა და მის ეფექტურ განადგურებას.
არსებობდა მხოლოდ ერთი ალტერნატივე, დაბალსიჩქარიანი საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა, რომლის მფრინავიც კარგად იქნებოდა დაცული. სწორედ ამ მოთხოვნებმა განაპირობა, მომავალი Ce-25-ის იერი. თვითმფრინავისა, რომელმაც თავისი მაღალი საბრძოლო პოტენციალი, არაერთ სამხედრო კონფლიქტში დაადასტურა.
ახალ თვითმფრინავზე მუშაობა, რამდენიმე საავიაციო ფირმამ ერთდროულად დაიწყო. მაგრამ საუკეთესოდ, სუხოის პროექტი დასახელდა. თვითმფრინავი ჰაერში პირველად 1975 წლის 22 თებერვალს აფრინდა. სანამ თვითმფრინავი გამოცდებს გადიოდა, მიდიოდა კამათი, თუ რომელი ქარხანა დაიწყებდა მის სერიულ წარმოებას. 1976 წელს გამოსული დადგენილებით, ამ პროცესის წარმოება, თბილისის საავიაციო ქარხანას დაევალა.
ნებისმიერი სამხედრო ტექნიკა, გამოცდას საჭიროებს. როგორი მახასიათებლები და შესაძლებლობებიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადებული მასში კონსტუქტორებს, მათი დამტკიცება პრაქტიკაზე ყოველთვის საჭიროა. ასეა თვითმფრინავების შემთხვევაშიც. ყველაზე კარგი გამოცდა კი, რეალური საბრძოლო მოქმედებებია. სერიული წარმოების დაწყებიდან, მალევე, Ce-25-ს ამგვარ გამოცდებში მოუწია ჩართვა. იმ დროს, საბჭოთა კავშირი ავღანეთში ომობდა. იქ კი სახმელეთო ჯარებს, სწორედ ასეთი თვითმფრინავი ესაჭიროებოდათ. ასე დაიწყო ამ თვითმფრინავის საბრძოლო გზა, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია გრძელდება.
ავღანეთში, ეს თვითმფრინავები მანევრულობისა და პირველ რიგში მაღალი საბრძოლო პოტენციალის წყალობით, მალევე გახდნენ პოპულარულები. მფრინავების განსაკუთრებულ მადლიერებას მისი ტიტანის დაჯავშნული კაბინა წარმოადგენდა, რომლის 24 მმ-ის სისქის ბორტი, 28 მმ-მდე კალიბრის ჭურვებს უძლებდა. კაბინის 65 მმ-ის სისქის ჯავშან მინა კი, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან ნასროლ ტყვიებს თავისუფლად იჭერდა.
როგორც Ce-25-ის გამოყენების პირველმა თვეებმა აჩვენა, ყველაფრის მიუხედავად მოიერიშე მაღალი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩეოდა. საბრძოლო გაფრენებიდან თვითმფრინავი ათასგვარი დაზიანებებით ბრუნდებოდა. იშვიათობას არ წარმოადგენდა, გახვრეტილი ფრთები, კუდი, ფიუზელაჟი, დამწვარი ელექტროსადენები და დაზიანებული სისტემები. დაზიანებულ თვითმფრინავებს ადგილზე უცვლიდნენ ფრთაუკანებს, საჭეებს, შასის. აქვე "იკერებოდა" ნატყვიარები (თავისებურ რეკორდს ერთ Ce-25-ზე 165 ნატყვიარი წარმოადგენდა). მაგრამ მოჯაჰედების საზენიტო რაკეტებს ტყვიებთან შედარებით უფრო მეტი ზიანი მოქონდათ. ისინი ძრავას სითბოზე რეაგირებდნენ და შესაბამისად პირველ დარტყმას სწორედ ძრავები ღებულობდნენ.
რა თქმა უნდა, ექსპლუატაციის პროცესში, თვითმფრინავს არაერთი ნაკლი გამოუვლინდა, რომლებიც შემდგომ გამოსწორდა. საერთო ჯამში, ავღანეთი თვითმფრინავისთვის ნამდვილ გამოცდად იქცა, რომელიც მან წარმატებით ჩააბარა. ომის 10 წლის განმავლობაში, გამოყენებული 118 თვითმფრინავიდან, მხოლოდ 27 დაიკარგა.
ავღანეთის შემდეგ, მოიერიშემ კიდევ არაერთ კონფლიქტში მიიღო მონაწილეობა. აფხაზეთის ომში ამ თვითმფრინავს ქართული სამხედრო საჰაერო ძალები აქტიურად იყენებდნენ. თუმცა, არანაკლებ აქტიურად იყენებდნენ რუსებიც, სამწუხაროდ ჩვენს წინააღმდეგ.
ქართულ მიწაზე მისი კიდევ ერთი საბრძოლო გამოყენება არც ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს მოხდა. ქართული მხრიდან მათი გამოყენება ეპიზოდური იყო. აი რუსები კი მას საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ. ომის შემდეგ, ინტერნეტში გავრცელებული, აეროდრომზე დაბრუნებული, დაფლეთილი (მსგავსი შემთხვევები მისი საბრძოლო კარიერის დროს იშვიათობა არ იყო) მოერიშეს სურათების ხილვა შეიძლებოდა - თბილისში აწყობილმა თვითმფრინავმა შეასრულა თავისი საქმე და მფრინავს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
თავისი არსებობის განმავლობაში, ამ თვითმფრინავმა 14 სამხედრო კონფლიქტში მიიღო მონაწილეობა და თავისი ასაკის მიუხედავად, მსოფლიოს 19 ქვეყნის შეიარაღებაში რჩება.