„ვერ დავეთანხმები, რომ პრეზიდენტს კიდევ უფრო უმცირდება ისედაც შევიწროვებული ფუნქციები“

  17:18:16     28-05-2018

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „მოქალაქეობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომლის გათვალისწინებით, პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხები განისაზღვრება.

კანონპროექტის მომზადება საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები ხდება.

პროექტით დგინდება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას ინარჩუნებს, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობას მიიღებს. 

კანონპროექტით, მნიშვნელოვან სიახლეს დროებითი უფლება წარმოადგენს. კერძოდ, ცვლილებებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, უფლება აქვს, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს.

PRESA.GE საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელს ესაუბრა:

- მიიღებს თუ არა ოპოზიცია წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას და რა პრეტენზიები გაქვთ მასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ, როცა იქნება განხილვები, კონკრეტულ საკითხებზე, განსაკუთრებით ვადებთან და ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ გამარტივება მოქალაქეობის აღდგენის თუ მიღების რაღაც ნაწილში შესაძლებელია ჩვენი ემიგირაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის იყოს სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რომ პრეზიდენტს კიდევ უფრო უმცირდება თავისი ისედაც შევიწროვებული ფუნქციები. ის დისკრეციული უფლებები, რაც მას ჰქონდა ამ სფეროში, აღნიშნული კანონპროექტით ძალიან მცირდება და შასაძლებელია შეიქმნას ისეთი ვითარებაც, როცა ის საერთოდ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ისე შეიქმნას და ჩამოყალიბდეს კომისიას. ეს არ მიგვაჩნია სწორად და ვფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ დავეთანხმებით.

- კონკრეტულად რა ნაწილში მცირდება პრეზიდენტის უფლებები?

- გადაწყვეტილების მიღების ნაწილში. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში სწორედ პრეზიდენტის საკონსტიტუციო ფუნქციაა. ასე იყო საქართველოშიც, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ გრძელდება პრეზიდენტის უფლებების მინიმალიზაცია, რაც სწორი არ არის.