„ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა მირზა სუბელიანთან შეხვედრა დაადასტურა“

  16:58:36     28-05-2018

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა დახურულ სხდომაზე ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამაზე, ყოფილ პროკურორ, მირზა სუბელიანზე ისაუბრა.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ბრალდებულმა დაადასტურა მისი შეხვედრა მირზა სუბელიანთან

„პირადად ჩემთვის სიახლე არაფერი იყო. არ უნდოდა პროკურატურას ამის აღიარება. მისი ნათქვამით, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის, მ.კ-ს ქურთუკის მკლავზე დაინახა სისხლი და ასევე რაღაც საგანი, რაც ხელში ეჭირა.  ბრალდებულმა დაადასტურა მისი მირზა სუბელიანთან შეხვედრა, როდესაც სუბელიანი მივიდა მ.კ.-ს ოჯახში. როგორც თავად თქვა, მიესალმა კიდევაც მას, მაგრამ მერე მ.კ.-მ  გამოიყვანა სახლიდან და უთხრა, ბიძაჩემი ხომ იცი რა მაგარი პროკურორია თითონ დაალაგებს ამ საქმესო.

ეს საკმაო ინფორმაციაა იქიდან გამომდინარე, რომ სუბელიანზე აქამდე უნდა დაწყებულიყო დევნა, ახლა უკვე კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი იქ ყოფნა და ამ საქმეში უხეშად ჩარევა. გამოააშკარაონ ყველა ბრალდებული”, – განაცხადა სარალიძემ.

ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. სუბელიანის შვილი ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანია.

სუბელიანმა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებით თავად მიმართა. მირზა სუბელიანის თქმით, შვილთან ერთად, რომელიც მისივე თქმით, მომხდარ უბედურებას შეესწრო, პირველ დეკემბერსვე გამოცხადდა პოლიციის სამმართველოში.