ხორავას საქმე - ფრთხილად დასაცავი კანონმდებლობა თუ საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება?

  16:54:59     28-05-2018

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე პროცედურები დახურულ ფორმატში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით მიმდინარეობს, - ​ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განმარტება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, სადაც ის გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე უმცირესობის მოთხოვნას.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ძალიან ფრთხილად არის დასაცავი. 

„ოჯახის მიმართ განსაკუთრებულ თანაგრძნობას გამოვხატავ, საქმე შვილმკვდარ მშობლებთან გვაქვს. მათი მდგომარეობა ძალიან ტრაგიკული და ემოციურია. ძალიან ფრთხილად არის დასაცავი კანონმდებლობა. იცით, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით პროცესი დახურულია. შესაბამისად, საქმის გარემოებები არც ჩვენ არ შეიძლება ვიცოდეთ და არც ამ გარემოებებზე საჯაროდ საუბარი არ შეიძლება შესაბამისი ორგანოების მხრიდან, თუმცა პირადი კომუნიკაცია და პირადი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მთავარი პროკურორის მხრიდან შეხვედრის შეთავაზება ძალიან სწორი ნაბიჯია, შეხვედრებისთვის ჩვენც მზად ვართ, თუკი ეს მიაჩნია რომელიმე მშობელს, რომ ეს მათთვის იქნება კარგი ან მათ ამის სურვილი ექნებათ. დანარჩენი მართლმსაჯულებას უნდა მივანდოთ და სასამართლოს, რომელსაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა აკისრია, ობიექტური რეალობა სინამდვილე დაადგინოს, ყველაფერს გააკეთებს, რომ სიმართლე დადგინდეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღესვე „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველოს" ინიციატივას, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა,  ოპოზიციამ პარლამენტს 20-ჯერ შესთავაზა სხვადასხვა საკითხზე კომისიის შექმნა, თუმცა 20-ჯერვე უარი მიიღო. 

„სამწუხაროდ, მათ აქვთ ასეთი ტაქტიკა, ვაცადოთ გამოძიებას, მაგრამ გადის დრო და აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. ვფიქრობ, ასევე მოექცევიან ამ დადგენილებას. მაგრამ მგონია, რომ ინიციატივა იყო სწორი, გაიმართა მასშტაბური აქცია და იქნებ ამ ფაქტორის გამო მაინც მოხდეს ამ კომისიის შექმნა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.


ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან და ახალგაზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.