
გია ვოლსკი: ნატოში გაწევრიანების კონკრეტული ვადის დასახელება არასწორია
16:15:22     28-05-2018
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ივლისში დაგეგმილ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესს აუცილებლად აღნიშნავს, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვარშავაში საპარლამენტო ასამბლეაზე ქართველი დეპუტატის ირაკლი ბერაიას კითხვაზე საპასუხოდ განაცხდა.
ქართველმა პარლამენტარმა სტოლტენბერგს ჰკითხა, რას უნდა ელოდოს საქართველო ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე.
„ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია კონკრეტულად სამიტის ფორმატი და ელემენტები, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოკავშირეები იპოვიან გზას, რათა აღნიშნონ და დააფასონ საქართველოს წინსვლა და მადლიერება გამოხატონ ამ ქვეყნის კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველოს ალიანსის სამშვიდობო ოპერაციებში შეაქვს, განსაკუთრებით ავღანეთში. ის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
PRESA.GE-მ სტოლტენბერგის განცხადების შეფასება პარლამენტის ვიცე-სპიკერს სთხოვა:
- სტოლტენბერგის განცხადებამდე, 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა მოსაზრება, რომ შესაძლებელია, საქართველო 2021 წელს ნატო-ს წევრი გახდეს. რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ამ ორი განცხადების ფონზე?
- ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში ახლახანს ვიყავი, შეხვედრები გაიმართა ბრიუსელში, მათ შორის, მაღალი დონის წარმომდგენლობასთან, სტოლტენბერგის მოადგილესთან. საუბარი საკმაოდ სერიოზული იყო, რადგან ძალიან ბევრი პარამეტრია შეფასებული. ვფიქრობ, კონკრეტული ვადის დასახელება არასწორია, თუმცა მუშაობა და შექმნილი ვითარება ყველანაირ საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ სამიტზე უმაღლეს დონეზე შეფასდეს. მგონია, რომ კონკრეტული ვადის დასახელება წევრობასთან დაკავშირებით შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის ნათქვამში არსებობდეს რეალური შინაარსი, რომელსაც ნატოს შემადგენლობა გაითვალისწინებს.
- საქართველოს-პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას წინ უსწრებდა მისი ვიზიტი აშშ-ში და ცნობილია ამ ვიზიტის ფარგლებში გაკეთებული გზავნილებიც. ხომ არ ფიქრობთ, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დასახელებული კონკრეტული ვადა, პირად მოსაზრებაზე ცოტა მეტი შეიძლება იყოს და მას მეტი ინფორმაცია აქვს?
- საერთოდ, ნატო-ს სტრუქტურებთან, ქვეყნებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი და საქმიანი დონე არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე წარსულში გვქონდა.
- დეპუტატ შოთა შალელაშვილის შვილზე არაერთი მძიმე ინფორმაცია და ბრალდებები გახმაურდა. გარდა იმისა, რომ ის არის საერთაშორისო კიბერ-სქემაში ჩართულობის ბრალდებით იქნა დაკავებული, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ადამიანი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული სქემების მონაწილეც არის. რისი თქმა შეგიძლიათ ამ თემასთან დაკავშირებით?
- საერთაშორისო სისტემა და სტრუქტურების შექმნილი ფორმატები, გამორიცხავს ზედაპირზე არსებულ რაიმე დარღვევას, გადაცდომას, რომელზეც რეაგირება არ არსებობს. გარდა ამისა, სიღრმისეული განხილვების იმხელა საერთაშორისო მექანიზმი არსებობს, რომ ვისი შვილი, ან ახლობელიც არ უნდა იყოს, მაინც გახდებოდა ცნობილი და გაცილებით უფრო კომპეტენტური ორგანიზაციები გააკეთებდნენ ამაზე განაცხადს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია.