„პროკურორი გუგუშვილი და პროკურორი ფხაკაძე ამ საქმეს აღარ უნდა გააკარონ საერთოდ“

  15:30:00     28-05-2018

პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ექსპერტსა და ადვოკატზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე მოკვლევის დაწყებას მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ეხმაურება. 

ზაზა სარალიძე ადასტურებს, რომ სასამართლო დარბაზში პროკურორების გაღიზიანება ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის დასკვნამ გამოიწვია. დავით სარალიძის მამის თქმით, პროკურორები არა მხოლოდ მოწმეზე, არამედ დარბაზში მყოფ სხვა პირებზეც ახორციელებდნენ ზეწოლას.

„ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ პროკურორები იქიდან გამომდინარე, რაც ქალბატონმა, მაია ნიკოლეიშვილმა მოიტანა თავის დასკვნიდან გამომდინარე. პირდაპირ გადადიოდნენ შეურაცხყოფაზე და ზეწოლაზე, ასე, რომ ვთქვათ, არა მარტო მოწმეზე, არამედ დარბაზში მყოფ პირებზე და აბსოლუტურად ვეთანხმები იმ გარემოებას, რომ პროკურორი გუგუშვილი და პროკურორი ფხაკაძე ამ საქმეს აღარ უნდა გააკარონ საერთოდ. არა მარტო ამ საქმეს, არამედ საერთოდ პროკურატურის ფარგლებიდან უნდა გამიჯნონ. თვითონ არიან ამ საქმის გამომძიებლები და თვითონ არიან იმის მონაწილეები თუ არა იფარება ამ საქმის მიმართ,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის დასკვნას არ ეთანხმება, ხორავას ქუჩაზე მოკლული კიდევ ერთი მოზარდის, ლევან დადუნაშვილის დედა. ნათია საყვარელიძე ამბობს, რომ დასკვნის წარდგენა სამარცხვინო იყო. 

„ნიკოლეიშვილის დასკვნა ეს იყო კრახი, ეს იყო ქართული სამედიცინო ექსპერტიზის სირცხვილი და მარტო იმის გამო არ ვამბობ მე, რაც შიგნით ეწერა. მის მიერ წარმოდგენა სასამართლოზე, ეს იყო მოსამართლის შეურაცხყოფა, რა დონეზეც მან ეს იქ წარმოადგინა. მე რა ვერსიაც ვიცი, იმ ვერსიას, როგორც არ დაემთხვევა არც პროკურატურის და არც დაცვის მხარის ვერსია, აი, იქ მიფრთხილდეს ყველა, მე მაქვს ჩემი ვერსია და როგორც კი არ დაემთხვევა ან ერთი მხარის ან მეორე მხარის ვერსიას, იქ მიფრთხილდეს, ჩემს შვილს არ გაეკაროს არავინ,“ - განაცხადა ნათია საყვარელიძემ.