ზაზა სარალიძე მზადაა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდეს

  14:09:10     28-05-2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მზადაა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს შეხვდეს, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს სოფიო კილაძის შეთავაზების საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ის მზადაა შეხვდეს დეპუტატს, თუმცა შეხვედრას მისი უფლებადამცველებიც უნდა დაესწრონ.

„მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ის მმართველი გუნდიდან იქნება, სხვა პოლიტიკური პარტიიდან თუ უბრალო საქართველოს მოქალაქე იქნება. ოღონდ, უნდა შევხვდე ჩემს უფლებადამცველებთან, ქალბატონ ნესტან ლონდარიძესთან და ზვიად კუპრავასთან ერთად", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მზად არის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახს შეხვდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.