პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მზად არის ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს შეხვდეს

  11:14:51     28-05-2018

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მზად არის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახს შეხვდეს.

ამის შესახებ  კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც არ გამორიცხავს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრასაც.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიების ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა საქმეს იმგვარად წაიყვანს, რომ ოჯახს კითხვის ნიშნები არ დარჩეს. კომიტეტი მზად არის შეხვდეს ოჯახს, პირადად დაღუპულის მამას. მზად ვართ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მის დღის წესრიგშია და მისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის განვიხილოთ პროკურატურასთან ერთად. იმედი მაქვს, რომ დაღუპულის მამა მიიღებს ჩვენს სურვილს შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ცნობილია, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.