შალვა ამირეჯიბის "მშვიდობით მწვანე კიკეთო" და სხვა ლექსები
11:23:42     08-06-2011
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას და ანექსიას შეეწირა პოეტ შალვა ამირეჯიბის ცხოვრება. მართალია ის ვერ მოკლეს ბოლშევიკებმა, მაგრამ სამშობლო, საყვარელი ცოლი და მეგობრები კი დაკარგა.
შალვა ამირეჯიბი იყო პოეტი, ლიტერატორი და პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1887 წელს გორის მაზრის სოფელ ხურვალეთში. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. იმ პერიოდში წერდა თავის პირველ ლექსებს. ისმენდა ლექციებს ვენისა და სორბონას უნივერსიტეტებში.
სამშობლოში დაბრუნების მერე არა ერთხელ დააპატიმრეს რუსეთის იმპერიის მსახურებმა. თამანშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთებში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული ერთ-ერთი ლიდერი. ამ პარტიის სახელით წარმოდგენილი გახლდათ საქართველოს პარლამენტში. მეგობრობდა ცისფერყანწელებთან და სხვა პოეტებთან. მონაწილე იყო 1924 წლის აჯანყებისა. აჯანყების დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა უცხოეთში წასულიყო
შალვა ამირეჯიბი გარდაიცვალა 1943 წლის ივლისში, დაკრძალულია პარიზის სენტ-უანის სასაფლაოზე.
დღეს, გავიხსენოთ შესანიშნავი პოეტისა და პატრიოტის რამდენიმე ლექსი. მასზე საუბარს კიდევ განვაგრძობთ.
* * *
გინახავს გაზაფხული
არ ურბოდეს სათავეს?
ან რაში ყაბარდული
არ ურჩობდეს სადავეს?
მე მინახავს მზის ჩასვლა,
მერე წასვლა ღამისა,
და შენი, შენი წასვლა,
წასვლა ჩემის წამისა!
ალბომში ლაურას
ტურფავ, ზღვაა შენი თვალი,
შიგ ნავარდობს ქარიშხალი,
მაზედ ცურავს ერთი გემი
და იმ გემზე ფიქრი ჩემი!
ტურფავ, ზღვაა ფიქრი ჩემი,
მაზედ ცურავს ერთი გემი,
იმ გემზე ზის ერთი ქალი
და ხმაურობს ქარიშხალი!
* * *
მიყვარდა თქვენი შლეიფი,
თქვენი კაბები გრძელქობა,
თქვენს დღეობაში ქეიფი,
თქვენი უმანკო ცელქობა.
მხრებზე დაყრილი ხშირი თმა,
უბე, შეკრული ღილითა,
საღამოს სიყვარულის თქმა
და გაბუტება დილითა!
ეხლა თქვენ მოკლედ იკრიჭავთ,
მოკლეს ატარებთ კაბებსა,
მკლავი სულ ღია მოგიჩანთ
და იცხებთ ფერად აბებსა!
დრო იყო, თითონ გცოდავდით,
თვალი ტანთ გხდიდათ ამოსა,
ახლა ჟინდაგიცოტავდით
და თვალით გაცმევთ სამოსსა!
* * *
გესმის ხმა დაირისა,
და შენც ისე ისწრაფვი,
ვით სიმებზე თარისა
საიდუმლო მიზრაფი.
გადმომსხდარან ტაშები
კაბებზე და ჩოხებზე
და ვით მალი რაშები
დაგაფრენენ ნოხებზე.
და შენ ცეკვავ, ცეკვავ შენ,
ვეღარ გდევენ თვალები,
ცეკვავ ლუწუ, ცეკვავ კენტ,
მე ვთვლი და ვიღალები!
* * *
სახე დამინაოჭდა
სიჭაბუკის ნასახი
და დამიდგა ნაოცდა
მეცხრამეტე ასაკი.
კარში უთადარიგოდ
დაჰქრის ქარი მეოტი,
ახ, ამ წუთში რარიგად
მე შენ მოგეხვეოდი!…
კოტე აფხაზის სიკვდილზე
როს ჩვენი დროის რეგვენობის მწირ ანარეკლად,
ჩვენში მატურებს ისე დგამენ, ვით თივის ზვინებს,
თავისის ფეხით ადის ბრიყვი კვარცხლბეკზედ ძეგლად
და ჯალათობა სათნოების იწნავს გვირგვინებს.
შენ მოკლებული საფლავისა მყუდრო სიამეს,
განუბანელი აიაზმით ადის წყლებიდგან,
უცდი, შემოვა მტრის ბანაკში ეტლი პრიამის,
რომ გამოიხსნას შვილის გვამი მტრის ხელებიდან.
და გენატრება შენ საფლავი სადმე მდელოზედ,
რომ უდგეს ბუჩქი, ზედ ბილიკი ჩაუდიოდეს
რომ კვლავ შეგეძლოს გადმოხედვა საქართველოზედ
და შენი გული იმის ბედზედ აღარ სჩიოდეს.
არ ითაკილებს ჩვენი დრო, რომ გაგხადეს ლეში,
ჩვენ მწუხარ გულებს შენი ფიქრი მაინც უნათებს,
და რომ სახელი დიდი გქონდა შენ სიცოცხლეში,
ეხლა შენ ამას ვეღარავინ დაგამუნათებს!
* * *
მშვიდობით, მწვანე კიკეთო,
მუხნარო, დიდო ვერხვებო!
ბიჭებო ასეთ-ისეთო,
მაწვნებო, თოხლო კვერცხებო!
ქალაქს მივდივარ დილაზედ,
მზე ამწვავს გზაში კეფასა,
ძაღლი მწოლარე სილაზედ
დამიწყებს ზანტად ყეფასა!