კარასინი ტატუნაშვილის ცხედრიდან მოპარულ ორგანოებზე: მე არ ვარ ანატომი, არ შემიძლია ამ თემებზე მსჯელობა

  16:51:59     24-05-2018

„მე არ ვარ ანატომი, არ შემიძლია ამ თემებზე მსჯელობა“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრიდან ორგანოების მოპარვის თაობაზე განაცხადა.

გრიგორი კარასინმა ტატუნაშვილის მკვლელობას, „გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი“ უწოდა, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს.

ტატუნაშვილის გარდაცვალებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ესეთი შემთხვევა აღარ განმეორდეს და ჩვენ ამას გავაკეთებთ.

ასეთი საკითხები უნდა განიხილებოდეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის პირდაპირი კონტაქტით, მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს შექმნილი ინციდენტების პრევენციის მექანიზმები და ეს საკითხები ამ შეხვედრების ფარგლებში იქნა განხილული, ისევე როგორც ჟენევაში.

„ვფიქრობ რომ მომხდარიდან უნდა მოხდეს სერიოზული დასკვნის გაკეთება და არ უნდა მოხდეს ამის გამეორება,"-განაცხადა კარასინმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს დღეს შეხვდა.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პირველად გაიმართა.

ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღის ფორმატი 2012 წლიდან არსებობს.