გედევან ფოფხაძე: კარასინი-აბაშიძის ფორმატი ის არ არის, რითაც რუსეთს ვაპატიოსნებთ

  16:07:30     24-05-2018

საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  ბოლო ზეპირი მოსმენა გუშინ გაიმართა, სადაც საქართველომ საკუთარი პოზიცია წარადგინა. 

სახელმწიფოთა შორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული.  დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს კი, ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.

საქართველო რუსეთს 2008 წლის ომის დროს და მის შემდგომ განვითარებული პროცესებისას ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ედავება, მათ შორისაა წამება არაადამიანური მოპყრობა და საქართველოდან საქართველოს მოქალაქეების გაძევება. ქართული მხარის ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.

PRESA.GE ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძეს ესაუბრა: 

- როგორც ცნობილია, საქართველოს სტრასბურგის სასამართლოზე 700 მტკიცებულება აქვს წარდგენილი, მათ შორის დაზარალებულთა ჩვენებები. როგორია თქვენი მოლოდინი და რა შეცვლის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება?

- გვაქვს სრული სამართლებრივი საფუძველი, რომ ჩვენი სასარგებლო გადაწყვეტილების მოლოდინი გვქონდეს და ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ამას. რაც მოხდა, რეალურად არ შეიძლება სხვაგვარად შეფასდეს, თუ არა საქართველოს სასარგებლოდ. ბუნებრივია, რომ სტრასბურგის სასამართლოა და მხარემ თავისი სიმართლე უნდა ამტკიცოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხარე მზად არის ამისათვის. 

- სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვება რას მოუტანს როგორც საქართველოს, ისე რუსეთს საერთაშორისო თვალსაზრისით?

- რაც ჩვენს შორის ხდება, ყველაფრის სამართლებრივი შეფასება არის ერთადერთი ბერკეტი შემდეგში უკვე სამართლებრივი საერთაშორისო რესურსის გამოსაყენებლად. თუ ჩვენ უბრალო პროპაგანდისტულ დონეზე შევეცდებით რუსეთთან წინააღმდეგობის გაწევას, რუსეთისთვის ეს პროპაგანდა ეფექტური პრობლემა არ არის. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოება ისედაც ნეგატიურად არის განწყობილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, ყველამ იცის და რუსეთი ამ კუთხით დისკომფორტს ვერ გრძნობს. სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება კი, რეალურ პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს, რომელმაც საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია. ვერ გეტყვით, რომ რუსეთი ამის გამო აფხაზეთიდან გავა და იტყვის, კანონს ვარღვევო, მაგრამ რუსეთისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ეს ნამდვილად იქნება პრობლემა.

- იმოქმედებს თუ არა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვთქვათ,  გაეროში რუსეთის ხმის უფლებამოსილებებზე, ან მის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე?

- გარკვეული სამართლებრივი საფუძველი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შემდგომში გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დონეზე, რა თქმა უნდა, იქნება. კონკრეტულად და წინასწარ ამაზე საუბარი ძნელია, ქილა ერბოსავით რომ არ მოგვივიდეს, ჯერ დასრულდეს სასამართლო დავა, მივიღოთ სამართლებრივი შედეგი, რაც ქართულ სახელმწიფოს უნდა და შემდეგ იქნება შესაძლებელი მის პოლიტიკურ სარგებელში გადატანა.

- დღეს კარასინი-აბაშიძის შეხვედრა პირველად იმართება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს გამართლება ან რა შედეგის მომტანი უნდა იყოს შეხვედრაზე ამ საკითხის განხილვა, როცა ცნობილია, რუსეთი საკუთარ პოზიციას არ ცვლის?

- სახელმწიფოებს შორის კომუნიკაცია საომარ პირობებშიც არსებობს. თავისთავად ამ ფორმატზე უარის თქმა არაფერს გვაძლევს, პოლიტიკურ შედეგს ვერ მივიღებთ ამით. კარასინი-აბაშიძის ფორმატი ის არ არის, რითაც რუსეთს ვაპატიოსნებთ და საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტად ვაქცევთ. ეს არის უბრალოდ, გარკვეული მცდელობა, ამ პირობებშიც იყოს დიალოგი, თუნდაც ისეთ სუბიექტთან, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ადამიანის უფლებებს. მგონია, რომ ამ ფორმატის გარდა, ჩვენ პერსპექტივაში დასავლელ პარტნიორებს უნდა ვთხოვოთ, რომ ამ ურთიერთობების თამასა ავწიოთ და რაღაც დამატებითი ფორმატიც ვეძებოთ, რომელიც იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და დიპლომატიის ფარგლებში ვცდილობთ შედეგის მიღწევას და სწორედ  რუსეთის მხრიდან არის კედელი ამოშენებული. ჩვენ ეს არ გვაზარალებს, თუმცა თუ პროცესით უკმაყოფილო ვიქნებით, შეგვიძლია ის მსჯელობის საგნად ვაქციოთ.