
„რუსეთის მტკიცებით, გორში მოკლული ჟურნალისტის სხეულში „ისკანდერის“ ნამსხვრევები განზრახ მოათავსეს, რაც წარმოუდგენელია“
16:21:12     23-05-2018
რუსეთი ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში „ისკანდერი“ არ გამოუყენებიათ და დანაშაული ფაბრიკაციაა, – გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის გამოყენებაზე და საქართველოს მტკიცებულებებზე საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა, ბენ ემერსონმა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული ვერსია ყველასათვის რთული დასაჯერებელია.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტან სტორიმანსის სხეულში „ისკანდერის“ ნამსხვრევები განზრახ მოათავსეს.
„რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ „ისკანდერის“ გამოყენების ან 12 აგვისტოს ამ სისტემის მითითებულ ადგილზე დისლოცირების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. საყურადღებოა, რომ რუსეთის სამხედრო მოწმეების თქმით, ისინი არც კი უშვებენ იმას, რომ ამ თავდასხმაზე რუსეთს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრება და, რომ „ისკანდერი“ რუსულ რაკეტას იყენებდა. როდესაც მათ წარუდგინეს ნამსხვრევები, რომლებიც სტან სტორიმანსის სხეულიდან იქნა ამოღებული, მაშინ თქვეს, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული.
როდესაც ვუთხარით, რომ აღმოჩენილი რაკეტის ნაწილების სერიული ნომრების მიხედვით, მისი რუსული წარმომავლობა დგინდებოდა, მაშინ მათ თქვეს, რომ მთელი დანაშაული ფაბრიკაცია იყო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა, რაც ყველასთვის ნამდვილად რთული წარმოსადგენია. ეს მიუთითებს რუსეთის პასუხის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს. ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდან იყო“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის წარმომადგენელმა სხდომაზე გამოსვლისას ის არგუმენტები გაიმეორა, რომელიც მოსკოვს 2008 წლიდან აქვს და განაცხადა, რომ „ცხინვალს საქართველოს შეირაღებული ძალები დაესხა თავს“.
„მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ცხინვალზე საქართველოს ბარბაროსული თავდასხმის შედეგად, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს სამხრეთ ოსეთის სამხედრო შესაძლებლობები. რუსულმა სამხედროებმა გააკეთეს მაქსიმუმი იმისთვის, რომ სამოქალაქო პირების უსაფრთხოება დაეცვათ, მათ შორის გააკეთეს ყველაფერი იმისთვისაც, რომ უზრუნველეყოთ რუსი სამშვიდობოების უსაფრთხოებაც, რომლებსაც მანამდე ქართველები დაესხნენ თავს“, – განაცხადა სხდომაზე გამოსვლისას რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენელმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა. მოსმენა სახელმწიფოთაშორის დავაზე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაიმართა, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობდა. მოსამართლეებს შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენელი – ლადო ჭანტურია, რუსეთს დიმიტრი დედოვი წარმოადგენდა. ჯერ უცნობია, როდის გამოაცხადებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).