დიმიტრი ხუნდაძე: პროცესების ქუჩიდან მართვას თავი დავანებოთ

  14:21:33     21-05-2018

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შეთანხმებისთვის საპარლამენტო უმრავლესობას ერთი კვირა რჩება. როგორც PRESA.GE-სთვის გახდა ცნობილი,  საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად პარლამენტში მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს.

მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ პროცესი საბოლოოდ წარმატებით დასრულდება და გაცილებით უკეთესი ნარკოპოლიტიკის შემუშავდება მოხერხდება.

PRESA.GE პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა, რომელიც მხარს არ უჭერს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ძირითად ვარიანტს.

- რა პოზიციები არსებობს უმრავლესობაში, რა არის ის თემა, რომელზეც არ დაეთანხმებით მმართველ გუნდს იქიდან გამომდინარე, რომ არ ემხრობით დეკრიმინალიზაციას, უმრავლესობის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ყველა სახის ნარკოტიკს დეკრიმინალიზაცია უნდა შეეხოს?

- ბევრ საკითხთან მიმართებაში უკვე ვართ შეთანხმებული. მაგალითად, ის, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ნარკომომხმარებლები პოლიციური ზედამხედველობიდან უნდა გადმოვიდნენ ჯანდაცვის სექტორში. ის, რომ აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ მძლავრი ანტინარკოტიკული პოლიტიკა და დაუნდობელი  ბრძოლა გამოვაცხადოთ ნარკოგამსაღებლების მიმართ. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, არამედ უნდა იყოს გრძელვადიანი მანამდე, ვიდრე ეს პრობლემა იქნება ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არის შეუთანხმებელი საკითხები იმაზე ნაკლები, ვიდრე აქამდე იყო და შეთანხმებულმა საკითხებმა უკვე გადაწონა. მიმაჩნია, რომ საკითხები უნდა იქნას ბოლომდე შეთანხმებული წარმოდგენილი კანონპროექტი და რეფორმა, რომელიც არის ძალიან მასშტაბური და არ ეხება ნარკომომხმარებლებს, ის ეხება პრაქტიკულად ყველას, საზოგადოების იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკს. 

ვფიქრობ, ყველა საკითხი უნდა იქნას შეთანხმებული, რომ ჩვენ მივიღოთ სწორად დაგეგმილი, დათვლილი და გათვლილი და შემდგომში სწორად განხორციელებული რეფორმა, რათა ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკეთესის ძიებაში შეიძლება უარესი მივიღოთ. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში არსებობს რესურსი, რომ დათქმულ დროში მოვახერხოთ შეთანხმება, მაგრამ ერთი მინდა ვითხოვო, რომ პროცესი დავტოვოთ პარლამენტში და ამ პროცესების ქუჩიდან მართვას თავი დავანებოთ.

- პირადად თქვენ როგორ მოდელს ეთანხმებით, რა უნდა შემოგვთავაზოს უმრავლესობამ დეკრიმინალიზიციის მიმართულებით, რომ მხარი დაუჭიროთ, ან რას ითხოვთ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც უკვე მომზადებული აქვთ კანონპროექტი და მხარს არ უჭერთ?

- ვითხოვ, რომ საკითხის განხილვა მოხდეს იმ რეჟიმში, რომ ყველამ ერთად, საზოგადოების თითოეულ მოქალაქემდე, ქვეყანაში ვაწარმოოთ ანტინარკოტიკული პოლიტიკა, დაუნდობელი ბრძოლა გამოვაცხადოთ ნარკოგამსაღებლების მიმართ. ეს ძირითადად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო ფუნქცია. მინდა ვისურვო, რომ ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ გრძელვადიანი აქცია, ვიდრე ბოლომდე არ იქნება აღმოფხვრილი ნარკომომხმარებლების პრობლემა, რაც ძალიან რთულია. ასევე, სწორად იქნას დაწესებული სამართლებრივი რეგულაციები, დეფინიციები სწორად განსაზღვრული, ასევე საჯარიმო სახდელების კოდექსი უნდა იყოს ადეკვატური, რომ ის აღწევდეს მიზანს. უნდა იქნას ჯანდაცვის სექტორი სწორად დაგეგმილი, ფინანსურად გამყარებული მასშტაბური რეფორმა და ამ შემთხვევაში, მივიღებთ იმ ნარკოპოლიტიკას, რომელიც იქნება საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების დამცველი.

- თქვენს თანაგუნდელებს აქვთ ინიცირებული კანონპროექტის შესწორებული ვარიანტიც, სადაც გვთავაზობენ სამდონიან ნარკოპოლიტიკას, სადაც პირველ შემთხვევაში აღირიცხება ნარკომომხმარებელი, მონაცემები გადაეცემა გადარწმუნების კომისიას და .ა.შ.რა პოზიცია გაქვთ ასეთ თანმიმდევრობაზე?

- ეს არის დეტალები, რომელიც სწორედაც დროსა და სივრცეშიც უნდა იქნას სწორად დაგეგმილი. ჯანდაცვის სექტორის განვითარება მხოლოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული. აუცილებელია მისი ფინანსურად გამყარება. მთავარია, პროცესის სწორად წარმართვა.

- როდის გექნებათ კონსულტაციები, იმის გათვალისწინებით, რომ ივნისის დასაწყისში კანონპროექტი უნდა იყოს შეთანხმებული? დათქმულ დრომდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა და ჯერ ისევ უცნობია, რა ფორმით და ფორმატით უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება...

- ვფიქრობ, ქართული ემოციები აქაც ზოგჯერ სჭარბობს. თუკი მაგალითად ავიღებთ პორტუგალიის მაგალითს, უნდა გითხრათ, რომ იქ მსგავსი კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა 2 წელი, რეფორმა დაიწყო მძლავრი ანტინარკოპოლიტიკით და მძლავრი ფინანსური ინვესტიციით, რის გარეშეც ამ რეფორმის ჩატარება ქვეყნებისთვის შესაძლოა, ქვეყანაში შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. მოლაპარაკებები ამჟამად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იმაზე მეტად, ვიდრე საზოგადოებას წარმოუდგენია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიჩქარეში არ უნდა დავაზიანოთ მთავარი მიზანი - ქვეყანაში უნდა შემცირდეს ნარკომომხმარებელთა რიცხვი და არა პირიქით-გაიზარდოს.