შსს: 17 მაისს უსაფრთხოება დაცული იქნება

  17:46:46     16-05-2018

17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოება დაცული იქნება, -  ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თქვა. 

მეზვრიშვილის განმარტებით, 17 მაისს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს უწყება შეხვდა და აქციებთან დაკავშირებით მოელაპარაკა.

17 მაისს თბილისში ერთდროულად აღინიშნება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე და პატრიარქის ინიციატივით დაარსებული, ოჯახის სიწმინდის დღე.

კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „მაესტროსთან“ იმ  მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების აქციებმა გამოიწვიოს. დეკანოზი მიიჩნევს, რომ დაპირისპირება მოსალოდნელია, რის გამოც ეკლესია მრევლსა და სამართალდამცველებს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ რაიმე სახის დაპირისპირებები.

საპატრიარქომ 17 მაისის მსვლელობაში მონაწილეობის მსურველებს მიმართა.

„17 მაისთან და საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით საერთოდ შეუფერებელი რიტორიკა ისმოდა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან. გვინდა ხაზგასმით, ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ეს მსვლელობა არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, არამედ ჩვენ გვინდა, რომ ნამდვილ დღესასწაულად იქცეს ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე და ამაღლების დღესასწაული. ამიტომ მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამგვარი განწყობა აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგან, ასევე გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ყოველგვარი აგრესიის გამოვლენა, ან პროვოკაციის, ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იყოს აღკვეთილი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.