
„ვიწყებთ ყველაზე ამბიციურ პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ქვეყნის მზადყოფნას რომ ნატო-ს წევრობისთვის“
14:08:55     16-05-2018
სწორედ ამ კვირას, ორ დღეში ჩვენ ვიწყებთ ყველაზე ამბიციურ პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენი ქვეყნის მზადყოფნას იმისთვის, რომ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გავხდეთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხდა, რომელიც მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში -"სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმი".
„დღეს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა იმ პროგრესის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს, რომელიც ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით განხორციელდა. პროგრესი არის მართლაც შესამჩნევი, რომელსაც ჩვენი ყველა პარტნიორი და მოკავშირე აღიარებს. განსაკუთრებით ნატო-ს გენერალური მდივანი. მის ბოლო გამოსვლაშიც ეს მაქსიმალურად დაფიქსირდა. ჩვენ გვექნება დღეს შესაძლებლობა, რომ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მისწრაფებებზე, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდეთ, რას ვაკეთებთ ამისთვის, როგორც ასპირანტი ქვეყანა, რა კონკრეტული რეფორმები განხორციელდა თავდაცვის უწყებაში. მე ვიტყოდი, სიმბოლურია რომ ამ კვირას ტარდება ეს კონფერენცია. თანაც პანელს, რომელზეც ვიღებ მონაწილეობას მაიკლ კარპენტერი გაუძღვება, რომელთან ერთადაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას და სწორედ ამ კვირას, ორ დღეში ჩვენ ვიწყებთ ყველაზე ამბიციურ პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენი ქვეყნის მზადყოფნას იმისთვის, რომ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გავხდეთ", - განაცხადა ლევან იზორიამ.
იზორიამ თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.
„ბოლო წლიწადნახევრის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ნატო-ს სტანდარტები ყველა მიმართულებით არის განხორციელებული და გრძელდება მისი შესრულება. პირველ რიგში, გამოვყოფდი იმას, რომ ოპტიმიზაციის შედეგად, ჩვენ ძირითადად თავდაცვის ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებისკენ, რითაც 67%-დან 53%-მდე დავიყვანეთ თავდაცვის ბიუჯეტის პერსონალის ხარჯები, ხოლო ნატო-ს სტანდარტია 55%. ასევე, თქვენ იცით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უნდა იყოს თავდაცვის ბიუჯეტში მიმართული. ამას წელს ნატო-ს წევრი 8 ქვეყანა აკმაყოფილებს და 15 წევრს აქვს ამბიცია, რომ 2024 წელს მიაღწიოს აღნიშნულ მაჩვენებელს. ჩვენ ამას ვაკმაყოფილებთ და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ ბიუჯეტიდან, 20% ნატო-ს სტანდარტის მიხედვით შეიარაღებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი. ჩვენ სულ რაღაც ერთ წელიწადში 7%-დან ავიყვანეთ 20.9%-მდე ეს მაჩვენებელი. სწორედ ამ ფინანსური შესაძლებლობოთ შევისყიდეთ ყველაზე ქმედითი ანტისატანკო სისტემა „ჯაველინების“ სახით. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავაგრძელოთ ეს პოლიტიკა ეფექტიანი შეკავების პოლიტიკისთვის. ჩვენ ასევე ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნული წვრთნები ჩავატარეთ, რომელიც თავისი მასშტაბებით იყო უპრეცედენტო და ამით ჩვენ შევქმენით რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ ტენდენციას მომავალში გავაგრძელებთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი მეორე მრავალეროვნულ წვრთნებს, რომელიც აგვისტოში დაიწყება და ახალი საზღვაო კომპონენტიც გაჩნდება. ასევე,რაც აბსოლუტურ თანხვედაშია ნატო-ს დინამიკასთან ის არის, რომ ჩვენ წელს გამოვაცხადეთ თავდაცვაში ლოგისტიკის წელი, რითაც გვინდა სწორედ იმ დინამიკას გავცეთ ადეკვატური პასუხი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნატო-ს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის მაქსიმალურ საბრძოლო მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ელემენტების მოქნილობას, მობილურობას, სწრაფ კომუნიკაციას, გადადგილების რაც შეიძლება სწრაფ შესაძლებლობებს. ჩვენ სწორედ ამ ინფრასტრუქტურას ვქნით. მე მინდა ერთი კონკრეტული მაგალითი გითხრათ, ჩვენ ერთ-ერთი საერთაშორისო სწავლების ფარლებში, უზრუნველვყავით ფოთიდან პირდაპირ რკინიგზის საშუალებით სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება“, - განაცხადა იზორიამ.