გუშინდელი შეთანხმების საფუძველზე, პატლამენტმა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა დღეიდან უნდა დაიწყოს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საკამათო საკითხს დოზირება წარმოადგენს. ისინი ვერ თანხმდებიან რა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემთხვევა უნდა დაექვემდებაროს პატიმრობას.
„სადაო საკითხები არ გამომდინარეობს ვიღაცის პრინციპული და პირადი შეხედულებებიდან, არის განსხვავება იმაში, თუ რა დოზა ჩაითვალოს იმ რაოდენობად, რომ არ მიეცეს ადამიანი პასუხისგებაში. აქ მოსაზრებაში სერიოზული განსხვავებებია, მე ვფიქრობ ამ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მივიდეთ საერთო აზრამდე,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ვოლსკიმ.
საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი იღებს.
საპარლამენტო ფაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, არა აქვს მნიშვნელობა რა აზრი არსებობს უმრავლესობაში, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მაინც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პოზიციას დაემორჩილებიან.
„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ იღებს საკანონმდებლო ორგანო. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობს უმრავლესობის ესა თუ ის წარმომადგენელი, ვხედავთ, რომ ქვეყანაში მთავარი არის, რას ფიქრობს ბერა ივანიშვილი და მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ ვიხილავთ გზავნილს ივანიშვილის ოჯახიდან ,რომელსაც დაემორჩილება საპარლამენტო უმრავლესობა“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ნარკოპოლიტიკის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ „ევროპულ საქართველოშიც“.
ფრაქციის წევრის, გიორგი ტუღუშის თქმით, პრობლემა არსებობს და ის მოსაგვარებელია, თუმცა მისივე განცხადებით, ამ პრობლემას კლუბებში ღამით ჩატარებული სპეცოპერაცია ვერ მოაგვარებს.
„ბოლო წელია აქტიურად მიდის მსჯელობა, რომ მიდგომა და კანონმდებლობა არის შესაცვლელი, თუმცა ამ კუთხით შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. სხვადასხვა პიარ აქციების ჩატარება და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების გამოყრა კლუბებიდან ღამის ორ საათზე შედეგის მომტანი რომ არ არის ამას ყველა ვხედავთ“- თქვა გიორგი ტუღუშმა.
0
ავტორი: