
ლევან კობერიძე: მხარს არც მარიხუანას ლეგალიზებას ვუჭერ
14:25:25     15-05-2018
"არც ერთი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, არც მარიხუანას ლეგალიზებას მხარს არ ვუჭერ - დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რა მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯი", -ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ინიციატორია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე განმარტავს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საუბარი არანაირ ალტერნატიულ კანონპროექტზე არ არის და ცვლილებები უკვე ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში განხორციელდება.
"პრესა.ჯი" ლევან კობერიძეს ესაუბრა:
-რა გადაწყვეტილება მოამზადა უწყებათშორისმა საბჭომ, სადაც პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა?
-უწყებათშორის საბჭოში ჩვენ მიერ წარდგენილი პოზიცია ჯერ სრულად არ განხილულა და უახლოეს სხდომაზე ძალოვან უწყებებთან ერთად ვიმსჯელებთ, რომელმაც ამ გადადგმული ნაბიჯისკენ გარკვეულწილად დადებითი პოზიცია დააფიქსირეს. ჩვენ მიერ მომზადებული ხედვა კონკრეტულ წინადადებას ითვალისწინებს და როცა ჩვენი კოლეგები ამ წინადადებას გაეცნობიან, ეს მათ პოზიციას შეარბილებს.
-ანუ?
კერძოდ, თუ პირი ე.წ. პირადი მოხმარების დოზას ფლობს და სამართალდამცავების მიერ აღნიშნული დოზის ტარების დროს მეორეჯერ იქნება გაჩერებული, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება, რომელიც იმავდროულად, დაპაუზდება და ამ პირს საშუალება მიეცემა, რომ გადარწმუნების კომისიაში გადამისამართდეს. თუ ეს ადამიანი იქ განხორციელებული ღონისძიების შედეგად ექვსი თვის, ან ერთი წლის განმავლობაში მკურნალობას ნებაყოფლობით დაიწყებს, ან ნორმალური ცხოვრების რიტმს ნებაყოფლობით დაუბრუნდება, ასეთ შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ამ ადამიანს საშუალება ექნება, ცხოვრება ნორმალურ რიტმში განაგრძოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე გაგრძელდება და პასუხისგებაში მიეცემა.
-როგორც ცნობილია, დოზების საკითხი მმართველ გუნდში ჯერ კიდევ შესათანხმებელია. საინტერესოა, ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარება უნდა იყოს თუ არა დეკრიმინალიზებულ და არის თუ არა ნარკოტიკებს შორის განსხვავება, როდესაც საკითხი ნარკოტიკის დეკრიმინალიზებას ეხება?
-ცუდი, კარგი, კლუბური, არაკლუბური, მსუბუქი და არამსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. ნარკოტიკი ნარკოტიკია. ეს არის საერთაშორისო კლასიფიკაცია და ჩვენ არ მოგვიგონია. აქედან გამომდინარე ნებისმიერი სახის დაყოფას კანონმდებლობა არ ცნობს. კანონპროექტით არც ერთი ნარკოტიკული საშუალება გამოყოფილი არ არის და ყველა ნარკოტიკი ერთი რეჟიმის ქვეშ განიხილება. ის, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში, ჩვენი ხედვა სრულად არის ასახული კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ვთვლი, რომ ყველა პრინციპი და პარამეტრი, რომელიც პროექტშია ასახული, პარლამენტმა უნდა მიიღოს. მსჯელობა მიდის მხოლოდ რამდენიმე საკითხზე, რაც პირადი მოხმარების დოზის ფლობას უკავშირდება. პროექტი საკმაოდ დიდი ხანია შემოტანილია და ყველას მოვუწოდებ, რომ გაგრძელდეს განხილვის პროცესი. გუნდმა ერთი თვე აიღო, რათა პოზიციები მაქსიმალურად დავუახლოვოთ და შევაჯეროთ, რის შემდეგაც პროექტს მსვლელობა უნდა მიეცეს.
-რა პროცედურებია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული, რომელიც მათ გადარწმუნების კომისიამდე უნდა გაიარონ?
-ყველაზე მთავარი, რასაც კანონპროექტი გულისხმობს, არის მომხმარებლის მაქსიმალურად დაზოგვა და მისთვის დახმარების გაწევა. მეორე, რაც ყველაზე მთავარია - შეურიგებელი ბრძოლა და ძალიან მკაცრი სასჯელები ნარკორეალიზატორებისათვის, მესამე - ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და პრევენცია, მეოთხე- მაქსიმალურად გამკაცრება სააფთიაქო ნარკომანიის. ეს არის ძირითადი 4 პრინციპი და ყველაფერი მიმართულია ერთი მთავარი მიზნისაკენ. ეს რაის კონკრეტულ ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირება, რადგან ამ ძალიან რთული პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა ეს არის.