მიხეილ ჯანელიძე: მთავრობისთვის ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში მიუღებელია

  13:01:43     15-05-2018

„მთელი მთავრობისთვის ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში მიუღებელია“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა,  მთავრობა ყოველთვის შეებრძოლება ამ ჯგუფების არსებობას საქართველოში.

„ჩემთვის მიუღებელია ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში და რა თქმა უნდა მთავრობისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ასევე მათი არსებობა. მთავრობა ყოველთვის შეებრძოლება ამ ჯგუფების არსებობას საქართველოში. რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს, ამასაც სჭირდება პროცესის მართვა და რა თქმა უნდა სახელმწიფო გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომ აცილებული იქნას თავიდან რადიკალიზაცია, რადიკალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება და რა თქმა უნდა პირველ რიგში რუსეთის ინტერესების გატარება საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, თუ რას აკეთებს ხელისუფლება ფაშისტურ ჯგუფებთან საბრძოლველად.

„ძალიან უხერხულია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტულ შეკითხვას, უნდა განახორციელოს თუ არა სახელმწიფომ ადეკვატური ძალისხმევა, რომ დაუპირისპირდეს ამ ქვეყანაში მოთარეშე ფაშისტურ ჯგუფებს, რომლებიც „ქართული მარშის“ სახელით რეალურად ახორციელებენ რუსეთის დაკვეთას, ვერ სცემს პირდაპირ პასუხს და საუბრობს წინა ხელისუფლების ქმედებაზე. ამ ხელისუფლების წარმომადგენელი იყავით თქვენ, ვერა ქობალიას მოადგილე ბრძანდებოდით. ვერ გვცემთ პასუხს ამ კითხვაზე, რადგან თქვენგან არის ეს ჯგუფები მართული და თქვენი მიზნებისთვის იყენებთ ამ ჯგუფებს“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა მიხეილ ჯანელიძეს.