„რუსთაველზე ევროპული იდეა მარცხდებოდა, როცა დემონსტრაციებს არბევდნენ ხელკეტებით“

  12:49:10     15-05-2018

„რუსთაველზე ევროპული იდეა მარცხდებოდა, როცა დემონსტრაციებს არბევდნენ ხელკეტებით, კლავდნენ და აბსოლუტური გაუგებრობა იყო ქვეყნის შიგნით თავისუფალი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით“, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის კითხვას, რომელიც დაინტერესდა მინისტრის პოზიციით რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯი გადადგა.

„მინდა გითხრათ, რომ რუსთაველზე ევროპული იდეა მარცხდებოდა, როცა დემონსტრაციებს არბევდნენ ხელკეტებით, კლავდნენ და როცა იყო აბსოლუტური გაუგებრობა ქვეყნის შიგნით თავისუფალი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით. დღეს, როცა საქართველომ აჩვენა დემოკრატიული განვითარების მაგალითი, ძალიან მაღალი სტანდარტი, ამ შემთხვევაში, ალბათ, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის კუთხით და იმ სანდოობის მოსაპოვებლად, რომელიც სჭირდება ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. 

მე ვფიქრობ, კვირას აბსოლუტურად დაცული იყო ყველა დემონსტრანტის უფლება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება მომავალში. იმედია, ჩვენ შევძლებთ ასევე იმ პოლიტიკის შემუშავებას იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც იყო და რომელიც მისაღები იქნება ფართო საზოგადოებისთვის და არა ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, რაც ასევე იქნება კიდევ ერთი გამოხატულება ჩვენი დემოკრატიული პროცესის და განვითარების“, - განაცხადა მინისტრმა.