„2 დღიანი აქციები ეხებოდა არა ნარკოპოლიტიკას, არამედ საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს“

  12:22:48     15-05-2018

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციები არა ნარკოპოლიტიკას, არამედ საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს ეხებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განუცხადა, ყველანაირი რადიკალიზმი დამანგრეველია.

„ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ნარკოპოლიტიკა.  ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს აქციები ეხებოდა ჩვენს საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რომ რადიკალიზმი, იქნება ეს ლიბერალიზმის თუ კონსერვატიზმის მიმართულებით პატარა და ოკუპირებული ქვეყანაში არის დამანგრეველი“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, არც ერთი მიმართულებით რადიკალიზმი საქართველოს არ წაადგება.

„შესაბამისად, სანამ სხვა სამუშაო ჯგუფებს შევქმნით და ვიმუშავებთ,  ალბათ, ერთი დიდი სამუშაო ჯგუფი უნდა შევქმნათ, სადაც ოთხი მილიონი ქართველი გავწევრიანდებით იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გავმთლიანდეთ, რადგან არც ლიბერალიზმის და არც ტრადიციონალიზმის მიმართულებით, რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანას არ წააგება. ღიად ვამბობ, რომ ჩემთვის ეს ორ დღიანი აქციები ამას ეხებოდა და მხოლოდ ამის მერე ეხებოდა ნარკოპოლიტიკას“, – განაცხადა წულუკიანმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა სამართალდამცველს, რომლებიც აქციის ღამეს მუშაობდნენ და აქცია კონტრაქციისგან იცავდნენ.

„რაც შეხება თვითონ აქციას, მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ სამართალდამცველებს, რომლებიც მოცემულ ღამეს მუშაობდნენ, რომელიც შემდგომ აქციას იცავდა კონტრაქციისგან. მათ ეკუთვნით ხმამაღალი მადლობა და მე მინდა ამ ქვეყნის მოქალაქემ ვუთხრა მადლობა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ პოლიციელიც და სამართალდამცველიც ადამიანია.

„რა თქმა უნდა, პოლიციელიც ადამიანია, სამართალდამცავიც ადამიანია და მინისტრიც ადამიანია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ამ აუარებელ ნიაღვარსა და შეურაცხყოფის ტალღაში, რომელიც პოლიციელმა ორი დღის და მეტი დროის განმავლობაში ითმინა, დღეს ისევ დგას პოსტზე, შეიძლება თქვას, რომ მას აქვს შეურაცხყოფის განცდა. მე მინდა გავამხნევო ისინი და ვუთხრა რომ ჩვენც, მთავრობაც მოვყვევით ამ ნიაღვარში, მაგრამ ამაზე პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა, პირიქით, ამაზე პასუხი უნდა იყოს დიალოგი“, – აცხადებს წულუკიანი.