
„დეკრიმინალიზაცია, პრევენციაში ფულის ჩადება და ნარკორეალიზაციასთან დაუნდობელი ბრძოლა არის გამოსავალი“
15:16:01     14-05-2018
„არც აქციის მონაწილეებს ეთქმით მადლობის მეტი არაფერი და არც საზოგადოებას. გახარიას აბსოლუტურად სწორი პოზიცია და დამოკიდებულება გახლდათ რომ მოხსნილიყო დაძაბულობა“, - ამის შესახებ აკაკი ზოიძემ PRESA.GE-სთან საუბარისას განაცხადა.
მისი თქმით, გამოსავალი ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია, პრევენციაში ფულის ჩადება და ნარკორეალიზაციასთან დაუნდობელი ბრძოლაა.
- ნარკოპოლიტიკის რეფორმის გასატარებლად პარლამენტს ორი კვირა აქვს განსაზღვრული, რათა შეთანხმებული ვარიანტი წარმოადგინოს. როგორ აპირებთ ამის გაკეთებას, როცა თქვენივე თანაგუნდელები ეწინააღმდეგებიან არსებულ კანონპროექტს?
- წინა ბიუროს სხდომაზე 1 თვიან გადავადებაზე შევთანხმდით, რაც გულისხმობს იმას, რომ მაქსიმუმ 2 კვირაში მზად უნდა გვქონდეს საბოლოო ვარიანტი. მთელი ეს პერიოდი მუშაობა მიდიოდა სხვადასხვა ფორმატებში, რომ მიგვეღწია კონსესუსისთვის, მათ შორის, უმრავლესობის შიგნითაც ისე როგორც საზოგადოების დიდ ნაწილთან უნდა მიგვეტანა თუ რა ტიპის რეფორმა უნდა ჩავატაროთ. საზოგადოებაში ამ პრობლემის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. არის ლეგიტიმური შიშები.
- დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის არის შინაარსობრივი განსხვავება, რაზეც ასევე არაერთგვაროვანი პოზიციები არსებობს...
- ის, რომ საპატიმრო სასჯელი აღარ იქნება, სწორედ ეს არის დეკრიმინალიზაცია და არა ლეგალიზაცია. რასაც ჩვენ ვამბობთ, გახლავთ ის, რომ მომხმარებელი თუ სხვა დანაშაულს არ სჩადის, არ მართავს საჭეს, საჯარო სივრცეში არ მოიხმარს, არ არის გარკვეული პროფესიის და ა.შ. თუ ადამიანი მოიხმარს, ან აქვს პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ამ შემთხვევაში. საუბარია ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებაზე, რომელიც არის იმ ქვეყნებში, სადაც დეკრიმინალიზაციის რეფორმა ჩატარდა. თუ ადგილი აქვს მხოლოდ პირად მოხმარებას, ან პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობის ფლობას, ადამიანს უნდა ჩამოერთვას ნარკოტიკი, შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციები იქნას მიყენებული იმ შემთხვევაში, თუკი ეს არის განმეორებითი და გადაიგზავნოს გადარწმუნების და შეფასების კომისიებში, სადაც არის ექიმი, იურისტი, სოციალური მუშაკი. თუ ადამიანი წამალდამოკიდებულია, მას უნდა ვუმკურნალოთ, თუ ადამიანი დგას მის დასაწყისში, მოვატრიალოთ ამ გზიდან და დავაბრუნოთ საზოგადოებაში, ჩავატაროთ ბევრი სხვა ღონისძიება, რომ ვუშველოთ ადამიანს.
- პარლამენტში უნდობლობას გამოხატავენ სწორედ ამ შეფასების კომისიების მომავალთან დაკავშირებით, რომელთა ფორმირებაც სწორედ ამ რეფორმების ფარგლებშია დაგეგმილი. რა არის ამის მიზეზი?
- შეიძლება ჩემს კოლეგებს არ სჯერათ, რომ ეს კომისია კარგად იმუშავებს, სწორედ ამიტომ გვაქვს შეთავაზება, რომ მინიმუმ 1 წელი ვაჩვენოთ დემონსტრაცია ამ კომისიის მუშაობის შედეგების. კომისიები კარგად მოვამზადოთ და დავაკომპლექტოთ იმ ადამიანებით, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ჩვენი ახალგაზრდების სწორად აღზრდის მიმართულებით. როცა 1 წელი გავა და კონკრეტული თვალასაჩინო შედეგები დაიდება არა პორტუგალიის, არამედ საქართველოს მაგალითზე, მაშინ ყველა დარწმუნდება რეფორმის სისწორეში.
- ხელაღებით დეკრიმინალიზაციას უწოდებენ ამ რეფორმას, მაგალითად, ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ დეკრიმინალიზაცია საერთოდ არ უნდა მოხდეს. როგორ აპირებთ კანონპროექტისთვის საჭირო კვორუმის შეგროვებას, როცა თქვენი კოლეგების პოზიციები უკვე განსაზღვრულია?
- დარწმუნებული ვარ, რომ ზვიად ძიძიგურს ვერ დავითანხმებთ, მას თავისი აზრი აქვს და ამიტომაც ჰქვია მის ფრაქციას „ქართული ოცნება-კონსერვატორები“. 1 წელზე მეტი იმიტომ ვმუშაობთ, რომ კონსესუსის რესურსი ბოლომდე ამოვწუროთ. მეც და ამ კანონპროექტის ინიციატორებსაც მიგვაჩნია, რომ კონსესუსის რესურსი ამოწურული არ არის. ჩვენ შეძლებთ შეჯერებას, რა საკითხზეც, ან დეტალზე ვერ შევჯერდებით, ის შეიძლება ალტერნატივების სახით გამოვიდეს და სარეიტინგო კენჭისყრები ჩატარდეს უმრავლესობის შიგნით, შემდეგ კი, მხარი დავუჭიროთ იმ ვარიანტს, რომლისთვისაც მზად არის როგორც უმრავლესობა, ისე საზოგადოება. საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, არ არის სრული მხარდაჭერა დეკრიმინალიზაციის მიმართულებით, რადგან ბევრს არ ესმის, ეს რას ნიშნავს. შევძლებთ და გავიტანთ იმ რეფორმას, რომელიც საზოგადოების ინტერესებში იქნება და რომელიც შეამცირებს ნარკომომხმარებელთა რაოდენობას.
- ლეგალიზაციის მიმართულებით რა პოზიცია გაქვთ, თუნდაც ეს მარიხუანას შეეხებოდეს?
- მე პირადად, მოცემულ პირობებში ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ, ვიდრე არ დავიწყებთ ფართომასშტაბიან პრევენციას განათლების პროგრამების ნებისმიერი ნარკოტიკის რისკის შესახებ და ადრეული წლებიდან არ აღვზრდით თაობას, რომელსაც ეცოდინება რა რისკებთან არის დაკავშირებული ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. გასაგებია, რომ მარიხუანა პირდაპირ და რამდენიმე საათში არ კლავს, მაგრამ მისი ზემოქმედება ფსიქიკაზე დადასტურებულია, მითუმეტეს, 21 წლამდე მისი მოხმარება 30%-ის შემთხვევაში იწვევს რეგულარულ დამოკიდებულებას და გონებრივი განვითარებაში ჩამორჩენას. მარიხუანას ახლავს რისკი. პორტუგალიამ 1921 წელს მოახდინა დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკების და 20 წლის შემდეგ მხოლოდ საუბარი დაიწყეს მარიხუანას ლეგალიზაციაზე და თან ისევ საუბარი მიდის, რამდენად მზად არის საზოგადოება ამისათვის. ასე რომ, ლეგალიზაციის მომხრე არ ვარ, დეკრიმინალიზაცია ყველა ნარკოტიკული საშუალების არის გამოსავალი, პრევენციაში ფულის ჩადება და ნარკორეალიზაციასთან დაუნდობელი ბრძოლა.
- შინაგან საქმეთა მინისტრის ბოდიშს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ეს ბოდიში, უწყებამ აღიარა, რომ იყო გადაცდომა სპეცოპერაციის დროს, თუ ეს იყო ემოციური ფონის დასამშვიდებლად გაკეთებული კომპრომისი?
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრწყინვალედ იმუშავა ამ დღეების განმავლობაში. შეიძლება კითხვების დასმა, თუ დადასტურდება რომ იყო სარწმუნო ინფორმაცია მომაკვდინებელი ნარკოტიკის გავრცელების შესახებ, აბსოლუტურად გამართლებულია და შეიძლება დავხუროთ ეს თემა. მე მგონი, არც აქციის მონაწილეებს ეთქმით მადლობის მეტი არაფერი და არც საზოგადოებას. გახარიას აბსოლუტურად სწორი პოზიცია და დამოკიდებულება გახლდათ რომ მოხსნილიყო დაძაბულობა.