სპეცოპერაცია ღამის კლუბებში - მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

  12:17:03     14-05-2018

პროკურატურა ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული 8 პირისთვის, პატიმრობას ითხოვს. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2018 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში ბრალდებულები სხვადასხვა კლუბებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებზე სისტემატურად ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები ღამის კლუბებში ნარკოტიკულ ნივთიერება მდმა-ს ასაღებდნენ. 

უწყების ცნობით, 2018 წლის 13 მაისს ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 

"ვ.ჟ-სთვის, ლ.მ-სთვის, ქ.მ-სთვის, მ.მ-სთვის, გ.მ-სთვის, თ.ჩ-სთვის, და ჯ.ე-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, ხოლო ბ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება,"-ნათქვამია განცხადებაში.