თბილისში გარეგნობისა და ჩაცმულობის გამო არასრულწლოვანს სცემეს

  16:55:58     07-05-2018

თბილისში არასრულწოვანს ორმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის გამო მიაყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არასრულწლოვანმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა.

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 2 პირი: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ხ. და 1992 წელს დაბადებული ვ.ბ. თბილისში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.ფ.-ს მითითებით, პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირები იმავე ქუჩაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.