პრეზერვატივების საქმე - საქალაქო სასამართლომ „აიისა“-ს დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო

  12:02:52     04-05-2018

პრეზერვატივების საქმეზე საქალაქო სასამართლომ „აიისა“-ს დირექტორი, ანი გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო. სასამართლომ კომპანიის დირექტორს ადმინისტრაციული სარჩელით 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

ანი გაჩეჩილაძეს, ასევე, ევალება პროდუქცია გაყიდვიდან ერთ კვირაში ამოიღოს.

დავა მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და შპს "აიისა"-ს შორის მიმდინარეობს, რომელიც სტიკერებს აწარმოებს და პრეზერვატივის გამჭირვალე შეფუთვაზე აკრავს.

მუნიციპალიტეტმა კომპანიის მიერ გამოშვებული ის პროდუქცია გააპროტესტა, რომლის შეფუთვაზეც თამარ მეფის სურათია დატანილი.

ანი გაჩეჩილაძის თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ცენზურის თვალსაჩინო მაგალითია. მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, საშიში პრეცედენტია.