"ყოფილმა მაზლმა ვერ მოინელა ჩემი მეორედ გათხოვება" - საზარელი მკვლელობა ხაშურში

  17:58:16     03-05-2018

ხაშურში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ამყოლაძეს, ყოფილი მაზლი სამ პირთან ერთად სახლში შეუვარდა. შემთხვევისას სახლში ამყოლაძის მეორე ქმარი, მაზლი და დედამთილი იმყოფებოდნენ. დაპირისპირებისას ოჯახის წევრებმა თავდამსხმელი საკუთარი დანითვე დაჭრეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ინცინდენტისას დაიჭრნენ ასევე ქალის ამჟამინდელი ქმარი და მისი ნათესავი. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ნინო ამყოლაძის თქმით, ყოფილი მაზლი ემუქრებოდა და ამის გამო მან საპატრულო პოლიციასაც მიმართა.

"ყოფილმა მაზლმა ვერ მოინელა ჩემი მეორედ გათხოვება ვერ გამიგია. თავი გაუჩეხა ჩემს მეუღლეს. ის შემოვარდა და ძმას დაუძახა საშველად. მეზობლებიც მოვიდნენ ხმაურზე. ყოფილ მაზლთან მყოფი პირები მისივე მანქანით გაიქცნენ და ყელგამოჭრილი დატოვეს აქ",- ამბობს მოკლულის ყოფილი რძალი.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.