„გაუგებარია, რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა, რატომ აუქმებს უშიშროების საბჭოს“

  12:52:53     02-05-2018

„მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრული იყო და არის რუსეთის მიმართ და მდგომარეობს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში სწორი და ადეკვატურია”- აღნიშნა პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიაზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს მთავარი მიზანია, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციას და არ მივცეთ რუსეთის სახელმწიფოს რომელიც განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება გამოაჩინოს ძალა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

პრეზიდენტის თქმით, ეს სტრატეგიული პოლიტიკა კიდევ უფრო აქტუალურია, მაშინ როცა ჩვენ და მთელი მსოფლიო რუსეთთან ურთიერთობის ახალ ფაზაში შევიდა.

„ცივი ომის სპეციფიკა და პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ მესამე ქვეყნებში რომელიც დაცული არ არიან ბოლომდე, და საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი, იარაღის ჟღარუნი განახორციელოს ქვეყანამ. ამიტომ დღე ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება ამ მიმართულებით ფხიზლად ყოფნა და მიმაჩნია, რომ სწორია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, მაგრამ ამ ახალ ფაზაში კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს ჩვენი გაერთიანება პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად, იმ ღირებულებების ირგვლივ რასაც ჰქვია, საქართველოს ერთიანობის მთლიანობის დაცვა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილისთვის ამ ფონზე გაუგებარია, რატომ მიიღო ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება.„რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე, აუქმებს უშიშროების საბჭოს. თვითგადარჩენის ინსტინქტის ტოლფასია, რომ ჩვენ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ,“-აცხადებს პრეზიდენტი.