მეტრო „თავისუფლების მოედანთან“ ორი ახალგაზრდა დაჭრეს

  22:25:20     01-05-2018

თბილისის ცენტრში ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედნის“ წინ მომხდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, პირები ცივი იარაღით არიან დაჭრილი.

შსს-ს ინფორმაციით,  ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1998 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

უწყების ცნობით, ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

„პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.“, – განაცხადეს შსს-ში.