რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგები აგვისტოს ომში

  15:19:32     14-09-2010

მართალია, ქართული ელექტრონული მედია ნიანგის ცრემლებს ღვრის იმის გამო, თუ რა მძიმე დღეშია რუსული მედია: სახელისუფლო ზეწოლით დაწყებული და ცენზურით დამთავრებული, მაგრამ, რეალურად, ჯერ ერთი, ქართული საინფორმაციო გამოშვებები „ვრემიას“ ასლია (ამ წოდებას ვერც რუსულ საინფორმაციო გამოშვებებს წავართმევთ, თუმცა ეს უფრო მათი პრობლემაა, ვიდრე ჩვენი); მეორეც, საბჭოთა პროპაგანდის მამები კარგა ხანია, სიმწრისგან საფლავში ბრუნავენ (რადგან ქართული პროპაგანდის დემოკრატმა მამებმა ისინი უკან უიმედოდ ჩამოიტოვეს).

ზეწოლისა თუ ქვეწოლის მიუხედავად, რუსეთში უკვე არსებობს აგვისტოს ომის სამხედრო ანალიზი და დანაკარგებიც წვრილად აქვთ აღნუსხული. ამის საფუძველზე რფ-მ საკუთარ შეიარაღებულ ძალებში რეფორმაც წამოიწყო, თან ისე, მადლობაც არ უთქვამს: რომ არა რუსეთ-საქართველოს ომი, სავსებით ცხადია, რომ ჩრდილოეთში ამდენ ხარვეზს ასე უცბადაც ვერ აღმოაჩენდნენ.

რფ-ის თავდაცვის სამინისტროს დღემდე არ გამოუქვეყნებია ოფიციალური ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგების დეტალების შესახებ. მხოლოდ ზოგადი ციფრები ითქვა: საბოლოო ოფიციალურ რაოდენობად დასახელდა 67 დაღუპული (თუმცა მათი ვინაობა არ გამჟღავნებულა), რომელთაგან მოხერხდა იმ 65 სამხედრო მოსამსახურის იდენტიფიკაცია, რომლებიც კონფლიქტის ზონაში 2008 წლის პირველიდან 31-აგვისტომდე დაიღუპნენ.

მოსკოვის სტრატეგიული ანალიზისა და კვლევების ცენტრმა შეისწავლა რუსული მხარის ხელთ არსებული მონაცემები და დაადგინა დაღუპულთა არა მხოლოდ ვინაობა, არამედ დაღუპვის გარემოებებიც.

კერძოდ, დღეების მიხედვით რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 2008 წლის პირველიდან 7 აგვისტომდე არც ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა; 8 აგვისტოს დაიღუპა15 რუსი სამხედრო მოსამსახურე; 9 აგვისტოს – 17; 10 აგვისტოს – 7; 11 აგვისტოს – 14; 12 აგვისტოს – 2; 13-დან 31-აგვისტომდე – 7, ხოლო გაურკვეველ დროს – 3 სამხედრო მოსამსახურე.

რაც შეეხება მათი დაღუპვის გარემოებებს: 8 აგვისტოს, სტრატეგიული კვლევებისა და ანალიზის ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე დიდი დანაკარგები ჰქონდა რუსი სამშვიდობოების პირად შემადგენლობას, რომლებიც სამხრეთ საგუშაგოსთან იყვნენ დისლოცირებული (14 სამხედრო მოსამსახურე).

ომის მეორე დღის საკვანძო მომენტად მიჩნეულია 9 აგვისტო, როდესაც რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის დაკავება სცადეს: ქართული არტილერიის მიერ გახსნილი ცეცხლისა და ქალაქ ცხინვალში შეტაკებების შედეგად დაიღუპა 11 რუსი სამხედრო მოსამსახურე. ამას გარდა, იმავე დღეს დაიღუპა 5 რუსი სამხედრო მფრინავიც.

10 აგვიტოს მნიშვნელოვანი ბრძოლები არ გამართულა და რუსული მხარე აღნიშნავს, რომ ქართულმა არტილერიამ მხოლოდ ერთხელ გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც 3 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამას გარდა, რუსული საჯარისო ნაწილების გადაადგილებმს საქართველოს მთაგორიან გზებზე ავტოსატრანსპორტო ავარიები გამოიწვია, რის შედეგადაც დამატებით კიდევ 3 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა (იმავე დღეს).

11 სექტემბერს რუსული საჯარისო ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ და ღრმად შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა ამ ღრმად შემოჭრის მიუხედავადაც, მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო შეტაკება მოხდა რუს და ქართელ სამხედროებს შორის.

შეტაკებები, მართალია, უმნიშვნელო იყო, მაგრამ მას რუსულ მხარეში მსხვერპლი მაინც ჰქონდა, რაც ისევ და ისევ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დამსახურებაა და არა ქართული შეიარაღებული ძალების (სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ქართული მხარის ოფიციალური ინფორმაცია ამ შეტაკებებისას ქართული შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ). ამ მიზეზით დაიღუპა 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე: 3 ადგილზე, 2 – მოგვიანებით, ჰოსპიტალში.

სულ რუსეთის მხრიდან დაღუპული 67 სამხედრო მოსამსახურიდან მხოლოდ 48 მათგანია გარდაცვლილი მოწინააღმდეგის (ესე იგი, ქართველი სამხედროების) მიზეზით, დანარჩენები დაიღუპნენ: ან ეგრეთ წოდებული „მეგობრული ცეცხლით“, ან იარაღთან გაუფრთხილებლობის, ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო (თუ მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევებმა იმსხვერპლა რუსი სამხედროები, დილეტანტისთვისაც კი ადვილი წარმოსადგენია, რამდენად გაურთულებდა მტერს საქართველოს სიღრმეში შემოჭრას იმ მთაგონიან გზაზე წინააღმდეგობების შექმნა!).

კერძოდ, 429-ე მოტომსროლელი პოლკის 30 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურიდან მხოლოდ ორს ჰქონდა მოხვედრილი ქართველების ტყვია, დანარჩენებმა დაზიანებები საქართველოს მთიან რელიეფზე გადადგილების გამო მიიღეს.

29-ე შერეული სარტილერიო პოლკის დაზარებული 9 სამხედრო მოსამსახურიდან 8 ავტოსაგზაო შემთხვევისას დასახიჩრდა. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ კარგად მომზადებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს არ გასჭირვებიათ საქართველოს მთიანი რელიეფის წინააღმდეგობის დაძლევა და, შესაბამისად, გადაადგილებისას ცოცხალი ძალის არანაირი დანაკარგი არ განუცდიათ.

67 რუს დაღუპულს შორის წოდებების მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა: 16 ოფიცერი, 2 პრაპორშიკი, 44 სერჟანტი და ჯარისკაცი. სამი დაღუპულის წოდება უცნობია (ეს ერთგვარად სასიამოვნო ფაქტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ბოლომდე არ მიგვიყვანია ჩვენი დაღუპული სამხედროების იდენტიფიკაციის პროცესი და იმდენიც მოვახერხეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის მცირე მონაკვეთზე წარმოებული სამხედრო მოქმედებებისას უგზოუკვლოდ დაკარგულები გვყავს). 8 დაღუპული უფროსი ოფიცრიდან 5 (პოლკოვნიკი, პოდპოლკოვნიკი და სამი მაიორი) რუსეთის საჰაერო სამხედრო ძალებს წარმოადგენდნენ და დიღუპნენ საკუთარ თვითფრინავებთან ერთად (რომელთა ნაწილის ჩამოგდება, სულაც არ ყოფილა საქართველოს შეიარაღებული ძალების დამსახურება, ოღონდ ამაზე ოდნავ მოგვიანებით).

იმ რუსულ სამხედრო ნაწილებს შორის, რომლებიც აგვისტოს ომში იღებდნენ მონაწილეობას, ყველაზე მძიმედ დაზარალდა მე-19-ე მოტომსროლელი დივიზიის 135-ე მოტომსროლელი პოლკი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, 21 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

სამხედროების ძირითადი ნაწილი დაიღუპა ორი საბრძოლო ეპიზოდის დროს (ომის პირველ საათებში და 8 აგვისტოს ცხინვალში გამართული ბრძოლებისას).

კიდევ ერთი ბრძოლა, რომლის დროსაც რფ-ის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი („მნიშვნელოვანს“ ვამბობთ 67 დაღუპულის ფონზე) სოფელ ზემო ხეითთან გაიმართა 11 აგვისტოს და რუსეთის 693-ე მოტომსროლელმა პოლკმა დაკარგა 5 სამხედრო მოსამსახურე. მათ შორის, ტანკ „ტ-72ბ“-ის სამკაციანი ეკიპაჟი. სტრატეგიული ანალიზისა და კვლევების ცენტრი აღნიშნავს, რომ ამის მსგავსი „მსხვილი დანაკარგები“ შემდგომ რუსულ არმიას არ ჰქონია.

67 რუსი სამხედრო მოსამსახურიდან 25 დაიღუპა ქართველების პირდაპირი ცეცხლით (ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტექნიკა, ტანკსაწიანაღმდეგო ნაღმები). კიდევ 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე – ქართული არტილერიისა და ნაღმტყორცნებიდან გახსნილი ცეცხლით. დიდია არასაბრძოლო მიზეზით დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობაც. ქართველების მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებში დაიღუპა 6 რუსი სამხედრო მოსამსახურე. იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო – მხოლოდ 2.

საერთო ჯამში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაიჭრა 250 რუსი სამხედრო მოსამსახურე. მათგან მხოლოდ 162-მა მიიღო საბრძოლო ჭრილობები, დანარჩენები ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გამო დაზიანდნენ.

ქართველებმა ხელში ჩაიგდეს ორი რუსი სამხედრო ტყვე: ორივე მათგანი ჩამოგდებული რუსული ავიაგამანადგურებლის ეკიპაჟის წევრი იყო. კიდევ ოთხი რუსი ჯარისკაცი ტყვედ ომის პირველ დღეებშივე ჩავარდა შემთხვევითობის წყალობით:
ჯარისკაცებს გზა აებნათ და ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდნენ. თუმცა ისინი აგვისტოშივე გათავისუფლდნენ: გაიცვალნენ სხვა ქართველ ტყვეებში პრინციპით – „ყველა ყველაზე“.

ომის დამთავრების შემდეგ გაურკვეველი იყო 4 რუსი სამხედრო მოსამსახურის ბედი. ორი მათგანი შემდეგომ რფ-ის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ერთი რუსი სამხედროს ცხედარი მათ ქართულმა მხარემ გადასცა (იდენტიფიკაციის შემდეგ), თუმცა დღემდე უცნობია ერთი დაღუპული რუსი სერჟანტის ბედი.

ქართული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომში 200-მდე სამხედრო მოსამსახურე დაგვეღუპა. მათგან 55 პროცენტი უგზოუკვლოდაა დაკარგული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანამებრძოლებმა მიატოვეს: დაჭრილები ან დახოცილები. სამხედრო სტატისტიკით, ბრძოლის ველზე ერთ მოკლულზე სამი დაჭრილი მოდის. ახლა კი თავად დაითვალეთ, რამდენი დაჭრილი თანამებრძოლი მიუტოვებიათ ქართველ სამხედროებს.