ბათუმის სანაპიროზე შშმ პირთათვის ზღვაში ჩასასვლელი ადაპტირებული ბილიკები მოეწყობა

  15:46:49     13-04-2018

ახალი ტურისტული სეზონისთვის ბათუმის სანაპიროზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ზღვაში ჩასასვლელი ადაპტირებული ბილიკები მოეწყობა.

ბილიკების მონტაჟი მაისიდან იგეგმება. ხის სპეციალური ბილიკების სიგანე 1,2 მეტრი იქნება, სიგრძე კი – 80 მეტრს მიაღწევს.

„რვა ლოკაციაზე მოეწყობა ხის ტრანსფორმირებადი ბილიკი, ეს იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, ასევე ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის. სულ საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის, რომელშიც გასახდელები და საშხაპეებიც შედის, 115 ათასი ლარია წელს გათვალისწინებული“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილემ, გოჩა მჟავანაძემ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ადაპტირებული ბილიკების დამზადება-მოწყობისთვის ელექტრონული ტენდერი 30 მარტს გამოაცხადა. სამონტაჟო სამუშაოები ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტში 41 902 ლარია გათვალისწინებული.