აკაკი ზოიძე: ყველა პასუხისმგებელი პირი მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს

  13:00:08     05-04-2018

"თუ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ტექნოგენურ კატასტროფას, ყველა პასუხისმგებელი პირი მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს".
ამის შესახებ პარლამენტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შეფასებისას განაცხადა და მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარება გამოთქვა.

"ადგილზე შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები მუშაობენ, გამოძიება მიმდინარეობს. თუ უბედური შემთხვევა არ იყო და ტექნოგენური კატასტროფა დადასტურდა, მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, მაქსიმალური სიმკაცრით მოხდეს ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის დაყენება და დასჯა, რომელთაც შესაძლოა, ამ საკითხში გარკვეული როლი ჰქონდეთ“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, პროპორციული სასჯელის გარდაუვალობა პრევენციის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა.
"პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების კანონი მიიღო, რომელიც ასევე ეფექტიან შრომის ინსპექციას ქმნის იმისთვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ, მაგრამ მხოლოდ შრომის ინსპექცია სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს. ამაში საზოგადოების თითოეული წევრი უნდა ჩაერთოს.
სასამართლო ხელისუფლება, კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც სავალდებულო დაზღვევის მეშვეობით უნდა აკონტროლებდნენ იმას, რომ როგორც დასაქმებულები ისე დამსაქმებლები შრომის უსაფრთხოების ნორმებს იცავდნენ, მომავალში ტრაგედიების აცილებას მხოლოდ ამ მრავალეშელონიანი უსაფრთხოების სისტემით შევძლებთ”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
შსს -ს ინფორმაციით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.