ოპოზიცია პრემიერის ინიციატივაზე: არ უნდა დაბრუნდეს ე.წ. ერგნეთის ბაზრობის ეფექტი

  13:41:39     04-04-2018

არ უნდა დაბრუნდეს ე.წ. ერგნეთის ბაზრობის ეფექტი, რადგან პრემიერის სამშვიდობო ინიციატივის განხორციელების შემდეგ შესაძლოა, კონტრაბანდის გამოწვევები წამოიჭრას, - ასე აფასებენ საპარლამენტო ოპოზიციაში პრემიერის სამშვიდობო ინიციატივას,  ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.   

„ჩნდება არა ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელსაც უნდა ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება და როგორ აპირებს, რომ სახელმწიფო გაუმკლავდეს. პირველი არის კონტრაბანდის და არალეგალური ვაჭრობის გაჩენა. მეორე არის საფრთხე, რომელიც მსგავსმა სავაჭრო ურთიერთობებმა შეიძლება, შეუქმნას საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ კონფლიქტის მოგვარების მთავარი საკითხი რუსეთზე ზეწოლა უნდა იყოს.

„მთავარი კონფლიქტის მოგვარების საკითხი არის რუსეთზე ზეწოლა. ეს უნდა იყოს მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არ უშლის ხელს ადგილობრივ დონეზე ადამიანური ურთიერთობების გაღრმავებას, გარკვეული სტიმულების მიცემას, რომ აფხაზებთან და ოსებთან იყოს ურთიერთობები, ეს ურთიერთობები გაღრმავდეს, თუმცა ამან არ უნდა გადაიტანოს ყურადღება მთავრი საკითხიდან, მთავარი საკითხი არის რუსეთზე ზეწოლა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.