"საქართველოში დაფიქსირდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქტივობა"

  12:32:08     04-04-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანგარიშის თანახმად, შარშან, საქართველოში დაფიქსირდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქტივობა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ, საქართველო 2017 წელს ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლისას დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, გლობალური ტენდენციის მსგავსად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა. რადგან ახალგაზრდები უარს აცხადებენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათი იდეების გაზიარებაზე, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ტერორისტები ტოვებენ დაჯგუფებების რიგებს.

ანგარიშში ასევე საუბარია, 2017 წლის 22 ნოემბრის ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე,რ ოდესაც სხვა ტერორისტებთან ერთად საერთაშორისო ტერორისტის აჰმედ ჩატაევის განეიტრალება მოხდა.

ანგარიშში ასევე შევიდა 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაკავებულ იქნა 5 პირი, რომელთა კავშირიც დადგინდა ჩატაევთან. თემირლან მაჩალიკაშვილზე კი წერია, რომ დაკავებულებიდან ერთ-ერთი პირი სპეცოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

„ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ძირითად შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს საქართველოსა და ქართულ საზოგადოებასთან, ისტორიული, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კავშირები არ აქვთ, რაც ტერორისტულ ორგანიზაციებს ექსტრემისტულ საქმიანობაში მათ ჩართვას უადვილებს,"-ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ტერორიზმის ბრძოლის კუთხით მუშაობისას გამოვლინდა ისეთი ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს.

„საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. აღნიშნულ პირთა ჯგუფის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები,"-წერია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სირიასა და ერაყში ტერორისტული ორგანიზაციების სახელით 30-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, არცერთი მათგანი ქვეყანაში არ დაბრუნებულა.

„სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნებას და მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად,"-ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე წერია იმ საფრთხეებზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარეობს.

„კონტრტერორისტული მიმართულებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალი საფრთხეები.

ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში შექმნილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის უკონტროლო ვითარება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს საშუალებას აძლევს საკუთარი ოპერატიული, სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების შესაბამისად განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების ინიცირება/ინსცენირება,“ - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.