"სააკაშვილს რომ ჰქონდეს ლეგალური უფლება, ბუნებრივია, ის საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა"

  15:27:54     03-04-2018

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში  შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.

მისი თქმით, საქართველოში შექმნილი კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზი ეკონომიკის მართის პროცესში ჩამოყალიბებული მაფიაა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას ჰპირდება,  რომ ის მზად არის გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში შექმნილ სხვადასხვა პრობლემებზე საუბრობს,  PRESA.GE  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს,  რომან გოცირიძეს ესაუბრა.

- სააკაშვილი ქართველ მოსახლეობას ჰპირდება, რომ მათ გაჭირვებაში არ მიატოვებს, ამ ეტაპზე რისი გაკეთება შეუძლია მას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის?

- ქვეყნის მართვა, მხოლოდ პატიოსან და პროფესიულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ, დახმარებაში იგულისხმება ის,  რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანა კვლავ დაადგეს განვითარების  გზას.

ექსვი წელია რაც ქვეყანა უკან მიდის, არცერთი მიმართულებით არ არის წინსვლა, პენსიაც კი ვერ მოუმატებიათ.

საქართველოში პენსია 2021 წელს იქნება 230 ლარი, გამოდის რომ 20-20 ლარით უმატებენ.  მაშინ როდესაც ამდენივე პენსია არის სომხეთში, ჩვენზე ღარიბ ქვეყნაში.

ჩვენ სამი წლის შემდეგ გვექნება იმდენი პენსია, რაც დღეს სომხებს აქვთ.

ყველა მიმართულებით არის უკუსვლა, ბუნებრივია ამას ხელისუფლების ცვლილება სჭირდება.  ხალხი  მიხვდა იმას,  რომ ის ტყუილები, რითიც ამდენი წლის განმავლობაში კვებავდნენ მათ, უკვე ყველას ყელში ამოუვიდა.

- რა იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული მიმართვის მთავარი სათქმელი?


- მიხეილ სააკაშვილის ამ თეზისის მთავარი სათქმელი სწორედ ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოსწორება და გაუმჯობესება.
 შესაბამისად, ოთხ წელში ადამიანებს  მიეცემათ იმის საშუალება,  რომ განკარგონ საკუთარი ბედი.

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი ეს არისსაპრეზიდენტო არჩევნები.

სააკაშვილი არის  ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რომელიც არასოდეს არ გაცილებულა „ნაციონალურ მოძრაობას“, ის მხოლოდ იურიდიულად ჩამოგვაცილეს ჩვენ. მისი მოწოდება ემთხვევა ასევე მთელი ჩვენი პარტიის სულისკვეთებას და ჩვენ ვაპირებთ გამოვიდეთ ერთიანი ძალებით საპრეზიდენტო არჩევნებზე.

- აქვს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი?

-გამარჯვების შანსი ნამდვილად არის, იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება ძალიან ოდიოზურ საპრეზიდენტო კანდიდატს წარმოადგენს როგორც სჩვევიათ. მაგალითად, სასაცილო მინისტრების და მერების დანიშვნით. დიდი იმედი გვაქვს ეს დაგვეხმარება ჩვენი კანდიდატის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში.

ჩვენი გამარჯვების წყარო იქნება გაერთიანება.  „ნაციონალური მოძრაობა“ არ იჩემებს იმას, რომ კანდიდატი უნდა იყოს მაინცდამაინც მისი პარტიიდან, ჩვენ ნებისმიერ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, რომელსაც იმ დროს გამარჯვების მეტი შანსი ექნება.

- შესაძლოა თუ არა, რომ  მიხეილ სააკაშვილი  იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი?


- რატომაც არა, მაგრამ მას სამწუხაროდ არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, სამართლებრივად ბუნებრივია მას არ დაარეგისტრირებენ, თორემ მიხეილ სააკაშვილს რომ ჰქონდეს ლეგალური უფლება ამის, ბუნებრივია ის საქართველოს პრეზიდენტი  ნამდვილად გახდებოდა.