ენძელა მაჭავარიანი: საქართველოში პრეზიდენტის პოსტს საერთოდ გავაუქმებდი

  14:06:27     03-04-2018

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას და ხელისუფელების შეცვლას გეგმავს.

„მე ამ მაფიას ვეუბნები, რომ ჩვენ გავაუქმებთ ამ მმართველობას, ჩვენ დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას თითოეულ ქართველს და ნამდვილ ქართულ ბიზნესებს. როდესაც ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს მოგვცემს საშუალებას, ეგრევე გავზარდოთ ხელფასები. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და ეს არის ძალიან ადვილი. მე ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც 11-ჯერ გაზარდა პენსია, რომ დამცლოდა კიდევ უფრო მეტად გავზრდიდი. ბანკების მაფიის თარეშის აღკვეთა, ივანიშვილის მაფიის არსებობის დასრულება, ხელფასების გაზრდა, ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, მოგვცემს შესაძლებლობას, შევაჩეროთ საქართველოდან ადამიანების გადინება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

PRESA.GE საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ენძელა მაჭავარიანს ესაუბრა:

- საქრათველოს მესამე პრეზიდენტმა დაანონსა, რომ ის  დაბრუნებას და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ხელისუფლების შეცვლას გეგმას, რაც უნდა მოხდეს, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. რამდენად რეალური შეიძლება იყოს მისი გეგმა?

- არასდროს მჯეროდა მიშა სააკაშვილის არანაირი გეგმის და არც ახლა არ მჯერა. არც მაშინ მჯეროდა, დამწყები პოლიტიკოსი რომ იყო, არ ამის შემდეგ და არც ახლა მჯერა, რომ მას ქვეყნისთვის რაიმე სასარგებლოს გაკეთება შეუძლია.

- მაშინ რას შეიძლება გულისხმობდეს მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული გეგმა?

- არ მაქვს აზრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე და რა ვქნა?

- საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ შესაძლო კანდიდატებზე რა აზრი და ინფორმაცია გაქვს?

- გუნდში ამ საკითხზე დღემდე მსჯელობა არ ყოფილა და როგორც კი მსგავსი რამ მოხდება, ამას ყველა გაიგებთ.

- საპრეზიდენტო კანდიდატების თემამ რამდენჯერაც გაიჟღერა, გია ხუხაშვილმა იმდენჯერ შენზე მიუთითა „ქართულ ოცნებას.“ რატომ გადაგეკიდა, ხომ არ იცი?

- არ გადამკიდებია, მშვენიერი აზრი აქვს გია ხუხაშვილს, მაგრამ ჩემზე რომ იყოს რამე დამოკიდებული, საქართველოში პრეზიდენტის პოსტს საერთოდ გავაუქმებდი. მე ვერ ვხედავ, რომ პრეზიდენტის პოსტი ქმედითია.

- ახალ კონსტიტუციას გულისხმობ თუ მოქმედს, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩატარდეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები?

- შეიძლებოდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ამ წლებმა, რაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტია, დაგვანახა, რომ პრეზიდენტი  ქვეყნისთვის არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ძლიერი მთავრობისა და ძლიერი პარლამენტის მომხრე ვარ.

- ზურაბ ალავიძის გადადგომასთან ერთად გავრცელდა  ინფორმაცია, რომ ეს არ იქნება ერთადერთი მინისტრი, რომელიც მთავრობაში შეიცვალა. რა ინფორმაცია გაქვს?

- ჩემთვის მსგავსი რამ ცნობილი არ არის და ზურაბ ალავიძის ამბავიც პოსტფაქტუმ, ტელევიზიიდან გავიგე. არაფერი ვიცოდი ამის შესახებ და არც ახლა ვიცი.

- საუბარი იყო გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომაზეც, თუმცა თავად განაცხადა, რომ ასეთი რამ უახლეს წელში მოსალოდნელი არ არის. ამბობდნენ იმასაც, რომ გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ უალტერნატივო პრეზიდენტობის კანდიდატია...

- ვერ დაგიდასტურებ. მსგავსი არაფერი გამიგია იმის გარდა, რომ ვიღაცეები ამაზე დიდი ხანია ჭორაობენ. გუნდის შიგნით გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ საუბარი არ ყოფილა. გუნდის მხრიდან პრემიერს ახლაც სრული მხარდაჭერა აქვს.

- საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა გენდერული ნიშნით  რომ უნდა მოხდეს, არც ამაზე გაგიგონია რამე?

- ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა და  არ მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი აუცილებლად ქალი უნდა იყოს. გენდერი ნიშნავს გენდერულ თანასწორობას, ანუ კაცი იქნება თუ ქალი, ამას მნიშვნელობა არა აქვს.