უოლტ უიტმანის - "ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!" და სხვა ლექსები
13:00:23     02-06-2011
გუშინ დიდი ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმანის (უიტმენის) დაბადების დღის პატივსაცემად, რომელიც 31 მაისს აღინიშნება, პრესა.გე-ს მკითხველებს შევთავაზეთ ზვიად გამსახურდიას შესანიშნავი ესე "მე - უოლტ უიტმანი, კოსმოსი". როგორც ჩვენს მკითხველს შევპირდით, უიტმანის კიდევ უფრო კარგად გასაცნობად თუ გასახსენებლად, დღეს ვაქვეყნებთ დიდი ამერიკელის რამდენიმე შესანიშნავ ლექსს.
უოლტ უიტმანის ლექსი "ო. კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!" მიძღვნილია ამერიკის პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნისადმი. ზ. გამსახურდია, ალბათ გახსოვთ, წერს: "მონათმფლობელი კოპპერჰედების ვერაგულმა ტყვიამ იმსხვერპლა ამერიკის იმედი, ჭეშმარიტების და სიქველის დიდი რაინდი. ამას მოჰყვა მსოფლიო ელეგიური პოეზიის დიდი შედევრი, გრანდიოზული რეკვიემი “როცა ეზოში, გაზაფხულზე” და აგრეთვე ლექსი: “ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო”. მაგრამ პოეტმა იცის, რომ როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას."
დღეს კიდევ ერთხელ გავეცნოთ უოლტერ უიტმანის პოეზიას, თუმცა მასზე საუბარს სხვა დროს კიდევ განვაგრძობთ.
ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!
(თარგმანა ვასილ გულეურმა)
ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა მგზავრობა, ხიფათით აღსავსე;
მიწყნარდა ღელვა და ჩაცხრა ქარიშხალი, გაუძლო ხომალდმა უამრავ განსაცდელს;
ნაპირს მივაღწიეთ, მშვიდობით დავბრუნდით. უკვე ახლოსაა, მოჩანს ნავსადგური;
ხედავ, ხალხი გველის, რეკავენ ზარები – ჩვენი გამარჯვების ჯილდო, საზღაური;
მაგრამ ო, ეგ გული! ეგ გული იცლება
სისხლისგან, გემბანზე წითელი ლაქა მოჩანს.
უკვე ვერაფერი ვეღარ შეიცვლება,
ჩემი კაპიტანი სიკვდილმა შემობოჭა.
ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! წამოდექ, უსმინე, ზარი რომ გუგუნებს;
შენ გეგებებიან, მაღლა რომ ისვრიან ფერადი ლენტებით მორთულ თაიგულებს;
წამოდექ – ეს დროშა ხომ შენთვის ფრიალებს, შენთვის აჟღერებენ ბუკსა და ნაღარას,
შენ გესალმებიან, არ გესმის ძახილი? იქნება ხანგრძლივმა მგზავრობამ დაგღალა?
აქეთ, კაპიტანო! ო, მამავ ძვირფასო!
ეს ჩემი ხელია შენი სასთუმალი.
ალბათ, მესიზმრება, რომ ჩემს წინ, გემბანზე
წევხარ სიკვდილისგან ცივი და მდუმარე.
ჩემი კაპიტანი პასუხს არ იძლევა, გაფითრდა ბაგე და თანდათან ცივდება,
ვეღარ გრძნობს შეხებას, გული აღარ უძგერს, სული და სხეული
ერთმანეთს სცილდება;
ხომალდმა ნაპირას ჩაუშვა ღუზა და დგას გამარჯვებული, ასრულდა, რაც გვსურდა;
მიზანს მივაღწიეთ. ხანგრძლივი, დამღლელი ეს მოგზაურობა
დამთავრდა, დასრულდა;
ჩაჰბერეთ საყვირებს, დარეკეთ ზარები!
მე კი მწუხარების თრთოლვამ ამიტანა,
გემბანზე ჩამოწვა სიკვდილის მდუმარება,
წევს გაციებული ჩემი კაპიტანი.
მე დამესიზმრა
(თარგმნა თამაზ ჩხენკელმა)
მე დამესიზმრა ქალაქი მთელი ქვეყნისგან დაუძლეველი
და მომეზმანა ¬-
რომ მას ნამდვილი მეგობრობის ქალაქი ერქვა.
უმეტეს სხვისა იქ დიდი და მძლე სიყვარული
სწამდათ და იგი ყოველ მათგანს წინ მიუძღოდა.
მათი სიცოცხლე სავსე იყო ამ სიყვარულით
და ის ყოველ წუთს გამოსჭვიოდა მათ სიტყვებში
და მათ ყოველ გამოხედვაში.
მეგობარო, ეს არ არის წიგნი
(თარგმნა - თამაზ ჩხენკელმა)
მეგობარო, ეს არ არის წიგნი,
ხელი ახლე და კაცს შეეხები,
(ნუთუ ღამეა და მე და შენ მარტოკა დავრჩით)
ეს მე ვარ - შენ რომ გიჭირავს ხელში
და ვისაც შენ ხელით უპყრიხარ,
გადმოვალაჯე ამ წიგნიდან,
მოვედი შენთან
და სიკვდილმა ვერ დამაკავა.
ო, როგორ მარწევს და ძილსა მგვრის შენი თითები,
გულზე მეცემა შენი სუნთქვა ციურ ნამივით
და შენი მშვიდი გულისცემა მესალბუნება,
მე ვგრძნობ ვინთქმები,
ვიძირები თხემით ტერფამდე.
სიმღერა ჩემზე
(თარგმნა - შალვა ბაკურაძემ)
1
ქება-დიდებას ვასხამ საკუთარ თავს და ვუმღერი საკუთარ თავს
და რასაც ვიღებ საკუთარ თავზე - თქვენც უნდა აიღოთ,
რადგან ყოველი ჩემი ატომი თქვენიცაა, თქვენაც გეკუთვნით.
მე უდარდელი მაწანწალა ვარ და ვუხმობ ჩემს სულს,
ვიხრები ფრთხილად მიწისკენ და უდარდელად ვათვალიერებ ზაფხულის ბალახს,
ჩემი ენა და ჩემი სისხლის ყველა ატომი, ამ მიწისაგან არის შექმნილი, ამ ჰაერისგან,
აქ მშვეს მშობლებმა, ჩემი მშობლებიც აქ დაიბადნენ, მათი მშობლებიც, და ასე ახლა
სრულად ჯანმრთელი, ოცდაჩვიდმეტი წლისა ვიწყებ ამ სიმღერას
და იმედია სიკვდილამდე არ დავასრულებ.
ვადაგასული დოგმები და კანონები გადავდოთ გვერდზე, დავტოვოთ იქ სადაც არიან,
მაგრამ არასდროს დავივიწყოთ,
ჩემი გული ერთნაირად ღიაა მახინჯისთვის და მშვენიერისთვის,
მე მათ ნებას ვრთავ მუდამ და ყველგან ისაუბრონ დაუბრკოლებლად,
პირვანდელი ჯანით და ძალით.
2
სახლები და ოთახები ნელსურნელებითაა სავსე, ურიცხვი სუნამოა თაროებზე,
მე ამ არომატს ღრმად ვისუნთქავ, ვიცნობ მას და მიყვარს იგი,
მას შეუძლია გამაბრუოს, მაგრამ მე არ ვბრუვდები.
ჰაერი კი არც სუნამოა, არც ქიმიური რამე ნაერთი, მას სუნი არ აქვს
და მას ეკუთვნის ჩემი ტუჩები, ის არის ჩემი შეყვარებული.
გავალ ზღვისპირა ჭალაში და ვიდგები ასე დადიშობილა
სიგიჟემდე მსურს მასთან შეხება.
ორთქლი ჩემი სუნთქვის,
ექოები, წყლის ლივლივი, ჩუმი ჩურჩული, ფესვი სიყვარულის, აბრეშუმი, ჭიგო და ვაზი,
ჩემი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, გულისცემა, ჰაერისა და სისხლის მიმოქცევა ჩემს ფილტვებში,
ნედლი ბალახის სურნელი და მჭკნარი ბალახის სურნელი, ზღვის კლდოვანი სანაპიროს და
თავლაში თივის სურნელი,
ჩემიდან ლავად ამოხეთქილი სიტყვების ხმა ქარისკენ რომ ვათავისუფლებ,
მსუბუქი კოცნა-ჩახუტებები, მკლავთა ოდნავი შეხებები,
აშრიალებულ ხის ტოტებზე შუქისა და ჩრდილის თამაში,
სიამოვნება, რომ ვარ მარტო, ან ვარ ქუჩაში, ან ველებზე და მთის ფერდობებზე დავხეტიალობ,
ჯანმრთელობის განცდა, შუადღისას ჩიტთა ჭიკჭიკი, ჩემი სიმღერა,
რომლითაც ახალგაღვიძებული მზეს ვეგებები.
შენ ფიქრობ, რომ ათასი აკრი ეს ბევრია?
დარწმუნებული ხარ, რომ მთელი მიწა ეს ბევრია?
ამდენი ხანი მოანდომე კითხვის შესწავლას?
გეამაყება რომ პოემების დადააზრს ჩაწვდი?
დარჩი ეს დღე და ეს ღამე ჩემთან და გაზიარებ ყველა პოემის სათავეს,
გაზიარებ მზისა და მიწის ყველა სიკეთეს (მილიონი მზის მფლობელები ვართ)
და შენ უკვე აღარ მიიღებ მოვლენებს მეორე ან მესამე ხელიდან,
გადაეჩვევი გარდაცვლილთა თვალებით ხედვას
და წიგნების აჩრდილებით კვებასაც გადაეჩვევი.
შენ არ დაიწყებ ჩემი თვალები ყურებას და არც არაფერს აიღებ ჩემსგან,
უბრალოდ ყველას მოუსმენ და ყოველივეს საკუთარ თავში გაფილტრავ.
3
მე მსმენია რასაც ლაყბობენ ყბედები, საუბარი დასაწყისზე და დასასრულზე,
მაგრამ მე თქვენთან დასაწყისზე და დასასრულზე სასაუბროდ არ მოვსულვარ.
არასდროს ადრე არ ყოფილა ისეთი ჩასახვები, როგორც დღეს,
არასდროს ყოფილა ისეთი სიჭაბუკე და სიბერე, როგორც დღეს,
ვერასდროს იქნება სამყარო ისეთი სრულქმნილი, როგორც დღეს,
არც ისეთი სამოთხე და ჯოჯოხეთი იქნება, როგორც დღეს.
ლტოლვა, მუდმივი ლტოლვა, უსასრულო ლტოლვა,
სამყაროს დაუსრულებელი ლტოლვა განაყოფიერდეს,
ბინდბუნდიდან სხვადასხვა სქესის ორი თანასწორი არსება გამოდის,
დაუსრულებელი მატერია, დაუსრულებელი ზრდა, დუსრულებელი სექსი,
მსგავსებისა და განსხვავებების დაუსრულებელი ქსოვილი, დაუსრულებელი სიცოცხლე,
განმარტებებს აზრი არა აქვს, სწავლულიცა და უსწავლელიც გრძნობს, რომ ეს ასეა.
და აი, ახლა, დარწმუნებულნი, წელგამართულნი, მხრებით, მკლავებით გადაჯაჭვულნი, ცხენივით ძლიერნი, აღტაცებულნი, ქედმაღალნი და მოზეიმენი
ვდგავართ აქ - მე და ჩემი საიდუმლო.
წმინდაა და საყვარელი ჩემი სული და წმინდაა და საყვარელი ყოველივე, რაც ჩემი სული არაა,
ისინი ერთმანეთს ავსებენ და უხილავი ხილულით ადასტურებს თავს, სანამ მასაც არ აქცევს უხილავად, მის წილ დასტურს არ დაუბრუნებს.
უარესისგან საუკეთესოს გამორჩევა და წარმოჩენაში - საუკუნე საუკუნეს ღლის,
მე კი ვუწყი რა საგანთა მთელი სიჩუმე და ზუსტი ფასი, სანამ ისინი კამათობენ, ჩუმად მივდივარ
საბანაოდ და საკუთარი თავით ვტკბები.
ვესალმები ჩემი სხეულის ყოველ ნაწილს, ყველა სუფთა და გულმართალი ადამიანის თითეულ
ორგანოს,
ერთი მისხალიც კი არაა მათში უღირსი,
დე, ნურც იქნება ჩემთვის რომელიმე დანარჩენზე უფრო ძვირფასი.
კმაყოფილი ვარ - ვხედავ, ვცეკვავ, ვიცინი, ვმღერი.
ანდა ის ქალი, ვინც მეფერება და ჩემს ლოგინში ათევს მთელს ღამეს და შემდეგ დილით ფეხაკრეფით მიიპარება და ოთახში თეთრი ქსოვილით პირთამდე სავსე კალათებს ტოვებს - როგორ უარვყო, როგორ ვთქვა მასზე უარი, და თვალებს როგორ დავაყვედრო,
როდესაც მათ, გზაზე ეულად მიმავალი სატრფოს ხილვისას, ერთი შეხედვით გამოთვალეს
ფასი ერთისა და ფასი ორის.
4
გამვლელებით და კითხვებით ვარ გარშემორტყმული,
ხალხი, რომელსაც ვხვდები,
გავლენები ადრეული ბავშვობის,
ან უბნის, ან იმ ქალაქის სადაც ვცხოვრობ, ან ეროვნების,
უახლესი აღმოჩენები, გამოგონებები, საზოგადოებები, ძველი და ახალი მწერლები,
ჩემი სადილი, ტანსაცმელი, ახლობლები, კომპლიმენტები, თვალთახედვა-მოვალეობანი,
რეალური ან უსაფუძვლო გულგრილობა ჩემდამი მამაკაცის ან ქალის, რომელიც მიყვარს,
ვინმე ჩემიანის ავად ყოფნა, ან სულაც ჩემი ავადმყოფობა, დაუდევრობა, ფულის დაკარგვა
ან არქონა, დეპრესია ან აღტაცება,
ბრძოლები, საშინელი ძმათამკვლელი ომები, საეჭვო ცნობების მთელი დასტა,
შემაძრწუნებელი მოვლენები.
ყოველივე ეს შემოდის ჩემში დღისით და ღამით და გადის ჩემგან,
მაგრამ ისინი "მე" არა ვარ.
ამ ამაო ფუსფუსის მიღმა დგას ის, რაც ვარ "მე"
დგას იგი უზრუნველი, კმაყოფილი, თანამგრძნობი, ზეიმური, ერთიანი,
დგას და დაჰყურებს გამართული, ანდა იდაყვში მოხრილი ხელით
რაღაც უხილავ საყრდენს ეყრდნობა,
დაჰყურებს ოდნავ ირიბი მზერით, აინტერესებს რა მოხდება შემდეგ,
ის ამ თამაშს თამაშობს და არც თამაშობს, თვალს ადევნებს და აღტაცებულია.
მე წარსულის იმ დღეებისკენ ვიხედები,
როდესაც ათასი ჯურის მოკამათე და ლინგვისტი მიწყობდა დაკითხვას,
მე არავის დავცინი, არაფერს ვამტკიცებ, მე ვმოწმობ და ველი.
5
მე მჯერა შენი სულო ჩემო რომ მეორე "მე"-მ არ უნდა დაიმდაბლოს თავი შენთან
და არც შენ - მის წინაშე.
გაიშოტე ჩემთან ერთად მდელოზე, გაითავისუფლე ყელი სარქველისაგან,
არც სიტყვები, არც მუსიკა, არც რიტმები და არც ლექციები, თუნდაც ყველაზე საუკეთესო,
მე არ მინდა,
მხოლოდ ჩემი საყვარელი იავნანა, მხოლოდ შენი ხორხისმიერი ღიღინი.
მე მახსოვს როგორ ვიწექით ერთად ზაფხულის იმ გამჭვირვალე დილით,
როგორ ჩამოდე თავი ჩემს ბარძაყზე, შემოტრიალდი ჩემსკენ ნაზად და ჩამიხსენი მკერდზე საკინძე
და ჩამასე გულში ენა ისე ღრმად, რომ ჩაწვდი წვერებამდე, ისე ღრმად, რომ ტერფებამდე ჩამწვდი.
იმ წამსვე,
ჩემს ირგვლივ მიწიერი გონებისათვის მიუწვდომელმა სიმშვიდემ და სიბრძნემ დაისადგურა
და მე ვიცი, რომ ხელი ღვთისა აღქმაა ჩემი,
და მე ვიცი, რომ სული ღვთისა ძმაა ჩემი,
რომ ასევე ძმაა ჩემი ქვეყნად ყოველი მამაკაცი, და ყველა ქალი ჩემი დაა და საყვარელი,
რომ არსებობის საფუძველი სიყვარულია,
რომ ვერვინ დათვლის მინდვრად ფოთლებს მჭკნარსა და ქორფას
ან წაბლისფერ ჭიანჭველებს, მათ ქვეშ, ციდა მაღაროებში,
ან ლიქენს ხავსიან ღობეებზე, ან ქვებს რიყეზე, ან ანწლის ბუჩქებს, ან გულსოსანას,
ან ზარმაცების საყვარელ ბალახს.
უბრალო მეძავს
(თარგმნა - თამაზ ჩხენკელმა)
დამშვიდდი, კდემა განიშორე ჩემთან -
მე ვარ უოლტ უიტმენი,
ბუნებასავით უხვი და მძლავრი
და ვიდრე შენ მზე არ უარგყოფს, არც მე უარგყოფ.
ვიდრე წყალი დის შენთვის
და შრიალს არ იშლიან შენთვის ფოთლები
ეგრევ ჩემი ხმაც არ მოიშლის დენას და შრიალს შენს გასაგონად,
ჩემო გოგონი, მე გინიშნავ პაემანს,
გეტყვი:
მოემზადე, ღირსეულად შემეყარო,
და კიდევ გეტყვი:
მომთმენი და სრულქმნილი იყავ ვიდრე მე მოვალ,
ახლა კი,
რომ არ დაგავიწყდე,
მე შენ დიდხანს გესალმები ჩემეულ მზერით.
შტატებისადმი
(თარგმნა თამაზ ჩხენკელმა)
მე ვეუბნები ყველა შტატს და თვითიეულ მათგანს,
ამ შტატების ხალხს და ქალაქებს:
,,მეტი იბრძოლე - ნაკლები ეყმე!”
განურჩეველი თანმიყოლა ნიშანია სრული მონობის,
ხოლო ასეთი მონობისგან შტატი, ქალაქი, გინდა ერი
თავს ვერ დაიხსნის,
ვერ მოიხვეჭს თავისუფლებას!