"საუბარი ედგარზე" და ედგარის რამდენიმე ლექსი

  12:58:28     02-06-2011

ჩვენს სინამდვილეში ერთი ტენდენცია შევამჩნიე, რომელიც საკმაოდ არასასიამოვნოდ მომეჩვენა და სწორედ ამ ტენდენციის წინააღმდეგ მინდა რაიმე მოვიმოქმედო. ამაში, ერთგვარად, ხელი შემიწყო გუშინ და დღეს უოლტ უიტმანის შესახებ საუბარმა - გუშინ ზვიად გამსახურდიას ესეს ("მე - უოლტ უიტმანი, კოსმოსი") და დღეს უოლტ უიტმანის შესანიშნავი ლექსების გამოქვეყნებამ, რაც, ვფიქრობ, ნამდვილი ამერიკული კულტურის საქართველოში პოპულარიზაციას ცოტათი წაადგება.

როდესაც ჩვენ სსრკ-ში ვცხოვრობდით, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის (გავიმეორებ, რაც ვთქვი უიტმანზე საუბრისას გუშინ), თავისუფლების სიმბოლოდ და ნავთსაყუდელად აღიქმებოდა. გავიდა დრო, ორ ათეულ წელზე ცოტა მეტი, საქართველოს თავზე არა ერთი წისქვილის ბორბალი დატრიალდა. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე გახდა პოლიტიკაში... თუმცა, ჩვენი უბედურებების გამო ამერიკისადმი დამოკიდებულება საზოგადოებაში გაორდა. უფრო სწორად, საზოგადოების ერთი ნაწილი ამერიკისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით განეწყო.

 

მაგრამ, ჩვენ ხომ ჯერ კარგად არ ვიცნობთ ამერიკულ კულტურას. ვფიქრობ, გვაქვს შესაძლებლობა, გარდა ამერიკული კინო ინდუსტრიისა, გავეცნოთ ნამდვილ ამერიკულ ხელოვნებასაც (კინოშიც არის უამრავი შედევრი). რაც უფრო კარგად გავიცნობთ ნებისმიერი ერის კულტურას, უფრო გავმდიდრდებით ჩვენც. თუმცა, არავის მოვუწოდებ შვილები ამერიკულად გაზარდონ ან ტიტინის დაწყებიდან ინგლისური ასწავლონ, პირიქით, ვფიქრობ (როგორც მეცნიერები ამბობენ) 9 წლამდე მეორე ენის შესწავლა ბავშვებისთვის კარგი არც არის.

 

ჩემი თაობა კარგად იცნობს ლევ ტოლსტოის, დოსტოევსკის, პუშკინს... ჩვენ შესანიშნავი მთარგმნელები გვყავდა და დიდი ფრანგული ლიტერატურაც გავიცანით, ასევე ინგლისური, გერმანული, იტალიური... ჩვენი წინაპრები (მათ შორის უახლოესნი, XIX-XX საუკუნეებში) სხვადასხვა ეროვნების გენიოსების შედევრებს თარგმნიდნენ და როგორი კარგი სამწერლო პლეადაც გვყავდა, თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობით, ისევე ნაყოფიერი იყო ჩვენი მთარგმნელობითი სკოლის მოღვაწეობაც.

 

ჩვენ ხელთ გვაქვს ჩვენი წინაპრების შესანიშნავი მაგალითი წინ და მოდი ვისარგებლოთ. გლობალიზაციის ეპოქაში უდიდესი ზესახელმწიფოსგან ავიღოთ ის, რაც ჩვენ გამოგვადგება და უარი ვთქვათ იმ ტენდენციებზე, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

 

ხოლო, რაც გამოგვადგება, ეს არის ნამდვილი ამერიკული (და სხვა) ლიტერატურის გაცნობა-გახსენება, რისი საშუალება უკვე გვაქვს და მომავალში ჩვენი შესანიშნავი მთარგმნელების წყალობით კვლავ გვექნება.

 

დღეს მინდა შემოგთავაზოთ გალაკტიონის ლექსი, რომელიც ედგარ პოსადმია მიძღვნილი (თუ მისით შთაგონებული) და ედგარ პოს რამდენიმე ლექსი. დამეთანხმებით, გალაკტიონი სისხლის ყოველი წვეთით ქართველი იყო და ამერიკელი პოეტი ედგარ პო ტყუილად არ მოეწონებოდა. ამასთან, ედგარ პოც, ისევე როგორც უოლტ უიტმანი უფრო უკეთესი ამერიკისთვის იღწვოდა თავისი პოეზიით...

 

ზვიად გამსახურდია წერდა, "უოლტ უიტმანი ჭეშმარიტი კოლუმბია ახალი დროისა, იგი უფრო მეტია, ვიდრე კოლუმბი, მან აღმოაჩინა ამერიკის სული". ედგარ პოს, ბევრი ჭორი მოუგონეს, მაგრამ შესანიშნავი შემოქმედი რომ იყო, ჭორი არ არის, ჭეშმარიტებაა. ედგარ პომ უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა თავისი შემოქმედებით ჯერ ამერიკაში, მერე ევროპაში და ჩვენთანაც, საქართველოში.

 

ბოლოს საშუალება გექნებათ შეადაროთ ვასილ გულეურის მიერ ნათარგმნი "ელდორადო” და მერაბ მეტრეველის მიერ ნათარგმნი "ოცნების მხარე". მე მგონი, ორივე (ვარიანტი) კარგია.  

 

ედგარ პოზე და საერთოდ, ამერიკულ ლიტერატურაზე საუბარს კიდევ გავაგრძელებთ.                             

 

გალაკტიონ ტაბიძე:

 

საუბარი ედგარზე

 

ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი,

როცა საუბარი ედგარ პოეზეა!

აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი

დასდევს განწირულთა შავი პოეზია.

ხშირად მაგონდება ფოთლებშემოცლილი,

სახემიბნედილი ქალის მწუხარება!

მთვარით დაბურვილი, მთვარით შემოსილი,

მთვარით დაძონძილი ოხვრა... შეყვარება!

(რად ხარ უცხოეთში? მე შენ გელოდები!)

მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით...

სანთლებს გაანელებს, დარბაზს დააბნელებს,

მიდის სავარძელთან სხვაგვარ მდუმარებით.

უცხო მხარეები იგრძნეს ხომალდებმა.

ფარდა შეირხევა, როგორც ყრუ ფოთოლი,

კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება,

ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი,

თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები -

ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი;

ასეთ სანახავად, როგორც თანამდები,

ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი!

 

ედგარ პო:

 

ანაბელ ლი                            

 

(ინგლისურიდან თარგმნა - მერაბ მეტრეველმა)

 

ეს იყო ბევრი ო, ბევრი წლის წინ

სამეფოში, ნაპირად ზღვის

ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც

მშვენიერ ანაბელ ლის; -

რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ

და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.

 

ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,

როცა სამეფოში ზღვის

სიყვარულით, სიყვარულზე მეტით

გვიყვარდა მე და ანაბელ ლის -

ვით ფრთები ცაში სერაფიმების

იყო სიყვარული ის.

 

შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ

სამეფოში, ნაპირად ზღვის

ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები

სული გაუთოშა ანაბელ ლის

ნათესავებმა კეთილშობილთა

მაშინ წამგავრეს ის

 

და გამოკეტეს ძველ აკლდამაში

სამეფოში, ნაპირად ზღვის.

ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;

ჩემი და ანაბელ ლის

სწორედ ამიტომ (ეს ყველამ იცის

სამეფოში, ნაპირად ზღვის)

ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები

ბოლო მოუღო ანაბელ ლის

 

და სიყვარულით ასე ძლიერით

ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?

ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?

ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს

რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის

არ შეუძლიათ, რომ დააშორონ

სულები ჩემი და ანბელ ლის.

 

მთავრე ამოვა, და ჩემთან მოვა

სიზმარში ანაბელ ლი

ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს

მშვენიერ ანაბელ ლის...

სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან

ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ

და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის

შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის

 

ელდორადო                          

 

(ინგლისურიდან თარგმნა  ვასილ გულეურმა)

 

მამაცი მხედარი

არ დრკება, მხნედ არის –

ქარია, წვიმს თუ ათოვს,

სიმღერით მიიკვლევს

მომქანცველ ბილიკებს,

დაეძებს ელდორადოს.

 

მაგრამ დრო გავიდა

მსახვრალი, ავი და

მის გულს შემოაწვა სევდა.

არ იყო ადვილი

ეპოვა ადგილი,

ხატება რომლისაც სდევდა.

 

და როცა მცირედი

შემორჩა იმედი,

პილიგრიმს შემოხვდა გზაზე –

“აჩრდილო, მითხარი

სად არის ის მხარე –

მიწაზე, ცაში თუ ზღვაზე?”

 

“მიუწვდომ არეზე,

მთებს იქით, მთვარეზე,

ველზე, თეთრად რომ ათოვს,

პირქუშს და შორეულს,

აჩრდილთა ორეულს,

შენ ნახავ ელდორადოს!”

 

ოცნების მხარე                                

 

(ინგლისურიდან თარგმნა მერაბ მეტრეველმა)

 

ასე მხიარულმა

რაინდმა რაინდულმა

ბევრჯერ იხილა ეს მზეც და მთავრეც,

როცა მგზავრობდა.

გული მღეროდა

რადგან ეძებდა ოცნების მხარეს.

 

მაგრამ დანებდა

წლებს და დაბერდა

გულს შეეპარა სისუსტე მწარე

როცა ვერ ჰპოვა,

ვერსად ვერ ჰპოვა,

ეს სანუკვარი ოცნების მხარე

 

და როცა ძალის

გაუქრა კვალი,

აჩრდილი შეხვდა მარტოდ მოარე

“აჩრდილო - უთხრა -

სად არის კუთხე,

რომელსაც ქვია ოცნების მხარე?”

 

“ეს იქით არის

მთების და მთვარის,

სადაც ველია, აჩრდილთა არე

მიდი იარე,

მიუგო ჩრდილმა -

თუ მართლა ეძებ ოცნების მხარეს!”