„ბოდიში აქვს მოსახდელი ყველას, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძესა და „ბახალას“ ნარკოტიკი ჩაუდეს“

  14:41:28     02-04-2018

„ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებმა დაუმსახურებლად ესროლეს სასამართლოს ქვები და პოლიციას - ტალახი.

„რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა, დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ საქართველოში. სამწუხაროა, ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტი მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

მისი თქმით, „თეთრმა ხმაურმა" და პლატფორმამ, რომელიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ჩართვას ცდილობს, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. 

„ქართულ საზოგადოებაში, სახელმწიფოში ნარკოტიკების გამსაღებლები ყოველთვის იქნებიან ე.წ. ბარიგებად მოხსენიებულნი და მათ მიმართ უმკაცრესი სასჯელები მზად იქნება“, - დასძინა დეპუტატმა. 

ვანო ზარდიაშვილის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, გიორგი გიორგანაშვილს, ახალი ბრალი წარუდგინეს. 

შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებს. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძე უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

გიორგი გიორგანაშვილს სხვა საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის 23 იანვარს, სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს.