„რუსეთი უფლებას იტოვებს, საპასუხო ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაშიც გადადგას“

  19:05:04     30-03-2018

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნიდან უცხოელი დიპლომატების გაძევების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 

„30 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავსტრალიის, ალბანეთის, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, მოლდოვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, შვედეთისა და ესტონეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაიბარა. 

მათ გადაეცათ საპროტესტო ნოტები და განუცხადეს, რომ რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ დაუსაბუთებელი მოთხოვნების პასუხად რუსული მხარე „პერსონა ნონ გრატად“ აცხადებს ამ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეურთდნენ, რუსეთი იტოვებს უფლებას მათთან მიმართებაში საპასუხო ნაბიჯები გადადგას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მან საქართველო 7 დღის ვადაში დატოვოს.