„აბაკუნოს ფეხები კვირიკაშვილმა, ის მაინც გადადგება“...

  18:09:36     30-03-2018

ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს ივანიშვილთან დაახლოებული პირი მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს. 

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. 

მათივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი მხოლოდ ფორმალური მმართველია და ის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს. 

[I=2]ამასთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ პოლიტოლოგს, გია ხუხაშვილს დაუკავშირდა. 

- ოპოზოცია მიიჩნევს, რომ ზურაბ ალავიძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით გადააყენეს…

 - ადამიანებთან, რომლებიც მსგავსი ტიპის შეკითხვებს სვამენ, არსებობს კონტრ-შეკითხვა, დამისახელონ ხელისუფლებაში ისეთი წარმომადგენელი, რომელიც არ ასოცირდება ბიძინა ივანიშვილთან, მათ შორის პრემიერი კვირიკაშვილიც. 

თეორიის ნაწილია ის, რომ ვიღაც მეტად დაახლოებულია ივანიშვილთან, ვიღაც ნაკლებად. 

უნდა გვახსოვდეს ის, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგნელი ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება. 

რაც შეეხება ალავიძის გადაყენებას, არ არის რთული გასაგები და წარმოსადგენი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა ივანიშვილი.  

- "ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციას და ტაიმერები აქვთ დაყენებული ჩემს გადადგომაზე"- ამბობს კვირიკაშვილი... 

- სასაცილოა, სისტემურად მისი დრო დასრულებულია. ეტყობა ცნობილი ლექსის მიხედვით მან თავისი თავი დაჭრილად წარმოიდგინა, რაც აღიარებითი ჩვენება იყო ფაქტობრივად. 

მან აღიარა, რომ თუ პოლიტიკურად ჯერ განადგურებული არ არის, დაჭრილი ნამდვილად არის, ასეთი ინფანტილური და ასოციაციური აზროვნება აქვს მას. 

- თუმცა, კვირიკაშვილი მიიჩნევს რომ მინიმუმ რამდენიმე წელი ის კვლავ იქნება ამ თანამდებოობაზე... 

- ასე მიიჩნევდა ღარიბაშვილიც, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადა გაფრთხილება და მესამე დღეს გადადგა წარმატებით, ეს ყველაფერი არის ფეხების ბაკუნის მცდელობა და მეტი არაფერი. 

აბაკუნოს კვირიკაშვილმა ფეხები, ის მიანც გადადგება, რადგან ისტორიას არ წერს... 

- ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ კვირიკაშვილი ნომინალური ფიგურაა და მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, ეთანხმებით მათ? 

- გასაგებია ოპოზიცია რასაც იტყოდა, ეს ცხადი იყო წინასწარ. თუმცა, კვირიკაშვილი რომ მართლაც ნომინალური ფიგურააა, მე მგონი ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს ამაში. 

ამას ათასჯერ ხაზგასმა არ სჭირდება. ჩვენ რომ მმართველობითი სისტემის კრიზისი გვაქვს ეს, უკვე ნათელია. 

არ გვყავს ხელისუფლებაში ისეთი პირები, რომლებსაც აქვთ უნარი თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და შესაბამისად, აიღონ ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.