პოლონელი სამხედროები გაამართლეს
11:41:55     02-06-2011
ვარშავის სამხედრო სასამართლომ შვიდი პოლონელი სამხედროს მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ჯარისკაცებს მშვიდობიანი ავღანელების დახოცვა ედებოდათ ბრალად.
თავისი გადაწყვეტილების კომენტარისას, მოსამართლე მიროსლავ იაროშევსკიმ ეს იმით ახსნა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა წვდომა იმ დოკუმენტებზე, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეს ეხებოდა. ამას გარდა, მოსამართლის თქმითვე, გამოძიებამ ვერ დაადგინა საიდან გაიხსნა ცეცხლი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ინციდენტი, რის გამოც პოლონელი სამხედროები განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ, 2007 წლის 16 აგვისტოს, ავღანეთის პაკტიკის პროვინციის სოფელ ნანგარ-ჰელში მოხდა . გამოძიების ვერსიით, სამხედრო მოსამსახურეებმა ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მისამართით გახსნეს, სადაც იმ მომენტში ქორწილი მიმდინარეობდა. შედეგად, დაიღუპა ექვსი მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის, ერთი ფეხმძიმე ქალი და სამი ბავშვი. კიდევ ერთი ადგილობრივი მძიმედ დაიჭრა.