ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში
11:40:57     02-06-2011
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრმა უკვე გამართა პირისპირ შეხვედრა მის პოლონელ კოლეგასთნ ბოგდან კლიფთან. შედგა ასევე ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების დელეგაციების შეხვედრაც. შეხვედრების მთავარი თემა სამშვიდობო მისია, ნატო-სთან პარტნიორობა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე პოლონეთის მხარდაჭერა იყო.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის ფარგლებში ერთობლივი გეგმების შემუშვებას. ეს გეგმები მინისტრ კლიფის განცხადებით პოლონეთისთვის, როგორც ევროკავშირის მომავალი პრეზიდენტი ქვეყნისთვის, ერთ - ერთი მთავარი სამუშო თემა იქნება. “მოგეხსენებათ ჩვენგან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხრივ სრული მხარდაჭერა აქვს. მომავალ წელს პოლონეთი ევროკავშირის პრეზიდენტობას გეგმავს. საქართველოს ჩვენი ქვეყნისგან აქაც სრული მხარდაჭერა ექნება. ჩვენ შეხვედრაზე სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. შეხვედრის თემა იყო ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისია და საქართველოსა და პოლონეთს შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.” - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
პოლონეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები სამხედრო განათლების სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას შემოდგომაზე საჩხერის სამთო სკოლაში, რომელსაც პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ცენტრის სტატუსი აქვს მინიჭებული, პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მომზადება შესთავაზა. ბოგდან კლიფმა კი თავის მხრივ ბაჩო ახალაიას შესთავაზა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მომავალი წლისთვის ექსპერტის გამოგზავნა, რომელიც სამშვიდობო მისიების წარმოების საკითხებზე ერთწლიან სალექციო კურსს ჩაატარებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს პოლონეთის სეიმის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წევრებთან, პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელთან. დაგეგმილია ასევე ”პოვონსკის ” პანთეონში სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლთა და ქართველი ოფიცრების მემორიალების ყვავილებით შემკობა.
mod.gov.ge