"თურმე წავედი მილანში, იქ ხალხი რესტორანში დავპატიჟე, მერე თმები შევიჭერი და ღამის კლუბშიც ვიყავი"

  13:21:00     27-03-2018

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებაზე, რომლის თანახმადაც, კახა კალაძე მილანში დედაქალაქის ბიუჯეტის თანხებით იმყოფებოდა, თბილისის მერი ხუმრობით პასუხობს, რომ ”მილანში მან ბიუჯეტის ფულით თმა შეიჭრა, ღამის კლუბშიც იმყოფებოდა და რესტორანშიც”.

ჟურნალისტების კითხვაზე კალაძემ  განაცხადა, რომ ხაბეიშვილის განცხადება სასაცილოა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა მიზნით იმყოფებოდით მილანში, კალაძემ ხუმრობით უპასუხა:

"ეს არის ჩემი პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე - ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ქალაქის ბიუჯეტიდან დავხარჯე თანხები, იქ კიდევ ვიღაცეები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმები შევიჭერი, მოგწონთ თქვენ თუ არა, ესეც ქალაქის ბიუჯეტით. უბრალოდ წავედი გასართობად ქალაქის ბიუჯეტით. მერე ღამის კლუბშიც წავედი. კიდევ გავიხსენებ და წერილობით მოგაწვდით”.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მანანა თოქმაჯიშვილის განმარტებით,  21-23 თებერვალს, კახა კალაძე რამდენიმე ქვეყანაში პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს მართავდა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

მისი განცხადებით, ბრძანების თანახმად, კახა კალაძე იმყოფებოდა ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში ორ თანმხლებ პირთან ერთად და მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი დაჯდა.