ოთარ დანელია: მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე იკრძალება

  16:52:15     26-03-2018

„საშინაო დავალება შესრულებულია, პარლამენტში „მიწის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება აპრილის დასაწყისში მოხდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით,  კანონპროექტის მიხედვით, მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე იკრძალება, თუმცა ხელმისაწვდომია იჯარა; სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში კი, დისკრეცია მთავრობას რჩება.

„მიწის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში აპრილის დასაწყისში შემოვა. უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე მიწის გასხვისება იკრძალება, მაგრამ ხელმისაწვდომი რჩება იჯარის ფორმა. ასევე, საუბარია იმაზე, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ სუბიექტში თუ საქართველოს მოქალაქეს წილის 50%-ზე მეტი აქვს, ნასყიდობა პრობლემა არ არის. 

სტრატეგიული პროექტები, როგორებიც არის პორტი, ნებისმიერი სხვა სამთო განვითარების თუ მასშტაბური ჰესი, ამ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით მთავრობის დისკრეცია რჩება“, – განაცხადა  ოთარ დანელიამ, რომელიც  კანონპროექტის განხილვების პროცესში დოკუმენტში ცვლილებებს არ გამორიცხავს.