ოთარ კახიძე: გვაინტერესებს, რას აპირებს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის ფაქტზე

  16:19:28     26-03-2018

​​საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღი კვლავ უცნობია.  საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან, ქვეყნის პირველი პირი როდის წარადგენს ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ  გიორგი მარგველაშვილი ანგარიშის წარსადგენად შესაძლოა, მისთვის პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელ დროს ელოდება.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს. საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა და პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა არ შემდგარა, რის ოფიციალურ მიზეზადაც საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დასახელდა, თუმცა ამის შემდეგ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საკითხზე კონსულტაციები არ გამართულა.

PRESA.GE საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ოთარ კახიძეს ესაუბრა:

- პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე უნდა მოსულიყო. ხომ არ ფიქრობთ, რომ მისი მხრიდან ადგილი აქვს პარლამენტის უპატივცემულობას, როდესაც ის არ გაყენებთ საქმის კურსში, რატომ არ მოდის ან როდის მოვა?

- პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტის წინაშე გამოცხადდეს და წარმოადგინოს ყოველწლიური მოხსენება დეპუტატების წინაშე. ჩემთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ ვერ ახერხებს ამას. 

- როგორც წესი, ოპოზიცია მკვეთრად კრიტიკულია მთავრობის მინისტრების მიმართ, როდესაც ისინი არ ასრულებენ  პარლამენტის წინაშე ვალდებულებებს. როგორია თქვენი დამოკიდებულება პრეზიდენტის ანალოგიური ქცევის მიმართ?

- „ევროპული საქართველო“ და უმცირესობა პრეზიდენტს ელოდება, რადგან ის არის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, რომელიც უნდა რეაგირებდეს იმ უმძიმეს პროებლემებზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში დაწყებული იქიდან, რომ კონსტიუტუციით გაუქმდა პირდაპირი არჩევნები, გვაქვს მახინჯი საარჩევნო სისტემა, მიმდინარეობს  და გრძელდება რუსული ოკუპაცია, რასაც თან სდევს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევა. საერთაშორისო კუთხით არის ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევები, გვაქვს სერიოზული პრობლემები დაკავშირებული სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გვყავს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ აღიარებული პოლიტიკური პატიმარი, ვანო მერაბიშვილი, რომლის მიმართაც ევროკონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა. გვაინტერესებს  რა რეაგირებას აპირებს პრეზიდენტი ამ ფაქტზე. 

არის კიდევ უამრავი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ თემებს, არასწორ პოლიტიკას, რომლის მსხვერპლი არის საქართველოს მოსახლეობა.

- ხომ არ ფიქრობთ , რომ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის გაჭიანურება ხელოვნურია და უკავშირდება მოახლოებულ წინა საარჩევნო კამპანიას, რადგან მისთვის უფრო ხელსაყრელი დრო მაშინ იქნება, ვიდრე ახლა, როცა ის კანონის მიხედვით უნდა გამოცხადდეს საკანონმდებლო ორგანოში?

- პრეზიდენტის  დაგვიანების მოტივაცია ჩემთვის ცნობილი არ არის. ამიტომ, დაველოდები პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ან უშუალოდ გიორგი მარგველაშვილისგან პასუხს. ჩვენ გვაინტერესებს რა არის მიზეზი გაჭიანურების. ჩვენ ყურადღებით მოვუსმენთ და მივიღებთ სერიოზულ დისკუსიაში მონაწილეობას.