"შალვა ნათელაშვილს ამ ტყუილისთვის პასუხისგება მოუწევს"

  16:50:54     23-03-2018

"ეს არის მტკნარი სიცრუე და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო როცა შალვა ნათელაშვილს ამ ტყუილისთვის პასუხისგება მოუწევს".

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას პრემია 76 - ჯერ მიიღო.

"შალვა ნათელაშვილი ნამდვილად არის მსახიობი, რომელიც პოლიტიკაშია შემოპარული. მან დღეს იცრუა, როდესაც თქვა, თითქოს შსს-ში მუშაობის პერიოდში76 პრემია მაქვს აღებული. ეს არის მტკნარი სიცრუე და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როცა მას პასუხისგება მოუწევს ამ ტყუილისთვის" -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი თქმით,  სამწუხაროდ, მედიამ გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რადგან მისი  შემოსავლები ყოველთვის ოფიციალურად არის დეკლარირებული.

როგორც ცნობილია, ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია გასულ წელში მედიასაშუალება "რეგინფომ" გაავრცელა, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, არჩილ თალაკვაძის ანაზღაურებამ 237 354 ლარი შეადგინა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის ოდენობა ამ პერიოდში 54 400 ლარი იყო, მან ხელფასის სრული ოდენობით დანამატი 67-ჯერ მიიღო, - ჯამში 182 954 ლარი.

არჩილ თალაკვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლის  დეკემბერში დაინიშნა, საიდანაც, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო, 2016 წლის 8 სექტემბერს გადადგა. პარლამენტის წევრად იგი ოზურგეთის №59 მაჟორიტარული ოლქიდან იქნა არჩეული. არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, არჩილ თალაკვაძემ, 2016 წლის 1 იანვრიდან 8 სექტემბრამდე პერიოდში, შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც მისი ყოველთვიური სარგო 2720 ლარი იყო, ანაზღაურების სახით 95 895 ლარი მიიღო, ანუ თვეში საშუალოდ 11 986 ლარი.

მათ შორის, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 8 თვეში შეადგენდა 21 760 ლარს, ხოლო დანარჩენი თანხა - 74 135 ლარი, - სხვადასხვა სახის დანამატებია.

წინა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არჩილ თალაკვაძემ იმავე თანამდებობაზე 2015 წელს მიიღო 141 459 ლარი (თვეში საშუალოდ 11 785 ლარი), საიდანაც სარგოს ოდენობა 32 640 ლარი იყო, ხოლო 40-ჯერ მიღებული დანამატების ჯამური თანხა - 108 819 ლარი.